logo_geo
ელიზაბეთ რუდი: დარწმუნებული ვარ, კელი დეგნანის გამოცდილება გააძლიერებს აშშ-საქართველოს ურთიერთობებს
- +

11 ნოემბერი. 2019. 11:07

 

„დარწმუნებული ვარ, კელი დეგნანის სამუშაო გამოცდილება და პროფესიონალიზმი გააუმჯობესებს და გააძლიერებს აშშ-საქართველოს ურთიერთობებს“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა განუცხადა.

 

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში მოხარულია, რომ დასახელდა ელჩობის კანდიდატი, კელი დეგნანი, რომელიც გამორჩეული პროფესიონალი გახლავთ. მე მას დიდი ხანია ვიცნობ, დაახლოებით 26 წელია მას შემდეგ, რაც ჩვენ ერთდროულად დავიწყეთ დიპლომატიური კარიერა. დარწმუნებული ვარ, მისი სამუშაო გამოცდილება და პროფესიონალიზმი გააუმჯობესებს და გააძლიერებს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკური, სამხედრო, ნატო-ს მიმართულებით, უმუშავია ვაშინგტონში წამყვან პოზიციებზე, ასევე, კარგად იცნობს ამ რეგიონს, რადგანაც ის მსახურობდა თურქეთში. როგორც კელი დეგნანმა საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა, მზადაა, მთელი თავისი პროფესიონალიზმი და ენერგია გამოიყენოს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს აშშ-საქართველოს თანამშრომლობის გაუმჯობესებას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში“, - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

 

რაც შეეხება საქართველოში უშუალოდ მისი მუშაობის შეფასებას, ამერიკელი დიპლომატის თქმით, „ძალიან ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები და თანამშრომლობა გაეღრმავებინა“.

 

„მე საქართველოში 2017 წლის ივლისის მეორე ნახევარში ჩამოვედი და ეს ზუსტად ის დრო იყო, როდესაც საქართველოს ესტუმრა ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ვიცე-პრეზიდენტისგან ძალიან მტკიცე დადასტურება იმისა, რომ ამერიკა მხარს უჭერს და ერთგულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამავდროულად, გაიმართა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ერთობლივი სამხედრო წვრთნები "ღირსეული პარტნიორი". მე მონაწილეობა მივიღე არაერთ ასეთ ერთობლივ სამხედრო სწავლებებში, რომელიც რეგულარულად ტარდება და ემსახურება საქართველოს თავდაცვის ძალების განმტკიცებას, ასევე, საქართველოს, ნატო-სა და ამერიკის შეერთებული შტატების ჯარების ურთიერთთავსებადობასა და გაძლიერებას. ჩვენ გასული წლის მაისში დავიწყეთ ახალი, „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა“, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას, რომ მან საკუთარი ტერიტორიების დაცვა შეძლოს. გარდა ამისა, ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩემი აქ ყოფნის პერიოდში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მიყიდა ანტისატანკო სისტემა - „ჯაველინები“, რაც ასევე ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას თავდაცვის მიმართულებით, აღსანიშნავია საქართველოს მონაწილეობა „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ავღანეთში“, ასევე, ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან ძლიერ პროგრამას, რომელიც გულისხმობს გემების ვიზიტს საქართველოში, რაც ხელს უწყობს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებას. რა თქმა უნდა, ასევე აღვნიშნავ „საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის კონფერენციას“, რომელიც ახლა მიმდინარეობს და რომელიც ძალიან კარგი შესაძლებლობაა ამერიკელებისა და საქართველოს სხვა პარტნიორებისთვის, გამოხატონ თავიანთი ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს, ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების და ასევე, დასავლური ინტეგრაციის მიმართ, განსაკუთრებით, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში.

 

ჩემი აქ მოღვაწეობის პერიოდში მრავალი რამ გაკეთდა ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროს განვითარებისთვის. გავიხსენებ რამდენიმე მაგალითს: „OPIC“-მა გასცა სესხი ფოთის Pace ტერმინალის გასაფართოვებლად და ასევე გადასცა სესხი „ლიბერთი ბანკს“. სესხის მეშვეობით ბანკი შეძლებს, გააფართოვოს თავისი ქსელი და განათავსოს ბანკომატები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა რეგიონებში ყველა ადამიანს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა საბანკო სერვისებთან. ჩვენ, ასევე, დავიწყეთ USAID-ის ახალი ეკონომიკური განვითარების პროგრამა, რათა დავეხმაროთ განსაკუთრებით მოწყვლად მოსახლეობას. საქართველოში ბევრი გაკეთდა მეწარმეობის ხელშესაწყობად, რათა ბევრმა ქართველმა ახალგაზრდამ შეძლოს ბიზნეს საქმიანობის წამოწყება. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ზუგდიდში სტუმრობა ამ წლის დასაწყისში, სადაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად აღვნიშნეთ და ვიზეიმეთ თხილის უხვი მოსავალი. უხვი მოსავალი იმ დიდი მუშაობის შედეგი იყო, რაც ერთობლივად გავწიეთ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში, შესაბამისად, ამ საქმიანობასა და მუშაობას მომავალშიც გავაგრძელებთ.

 

ასევე, მსურს აღვნიშნო ჩემი მოღვაწეობის პერიოდში მიღწევები განათლების სფეროში. ჩვენ დავასრულეთ ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტი, რომელმაც საგრძნობლად შეუწყო ხელი საქართველოს სკოლებსა და უნივერსიტეტებს, რომ მათ შეძლონ მსოფლიო სტანდარტის განათლების უზრუნველყოფა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა და ზოგადად, STEM მიმართულება. ამის ძალიან ნათელი მაგალითია სან დიეგოს უნივერსიტეტი და მისი კამპუსები საქართველოს სამ უნივერსიტეტში. ძალიან მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა, დავსწრებოდი მათი სასწავლო წლის დასაწყისსა თუ კურსდამთავრებულთა სწავლის დასრულების ცერემონიალს. ამ პროგრამის კურსდამთავრებულები არიან უკვე ძალიან კარგად მომზადებულები, რათა წვლილი შეიტანონ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და კეთილდღეობაში. ასევე, კომპაქტის ფარგლებში ჩვენ 90-ზე მეტ სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩავუტარეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო ამ სკოლების გახსნის ცერემონიალებში და გამეზიარებინა ის სიხარული და აღტაცება, რაც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ჰქონდათ, რადგან ისინი მუშაობას და სწავლას გააგრძელებენ თანამედროვედ აღჭურვილ სკოლებში. ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ USAID-ის ახალ განათლების პროგრამასაც, რომელიც მხარს დაუჭერს საქართველოს მთავრობას მის ამბიციურ გეგმებსა და პროგრამებში განათლების სისტემის რეფორმირების კუთხით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, რაც მე ჩამოვთვალე, ხელს უწყობს და მომავალშიც შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და კეთილდღეობას.

 

დაბოლოს, მინდა ვისაუბრო ჩემს პირად ენთუზიაზმზე ხელი შევუწყო საქართველოში ტურიზმისა და მოგზაურობის წახალისებას. მართლაც არაჩვეულებრივი გამოცდილება მივიღე საქართველოში ჩემი მოგზაურობისა და ლაშქრობების დროს, მქონდა ლაშქრობები ომალოდან შატილში, მესტიიდან უშგულში, დავლაშქრე ყაზბეგის მყინვარწვერი, ვნახე შავი კლდეების ტბა ლაგოდეხის ნაკრძალში, გადავედი როშკადან ჯუთაში და ა.შ. ძალიან ბევრი ერთდღიანი და მრავალდღიანი ლაშქრობა მქონდა, თხილამურებზე სრიალის ჩათვლით გუდაურსა და ბაკურიანში. ამასთან დაკავშირებით ძალიან მოხარულები ვართ, რომ დავიწყეთ ახალი პროგრამა, რომელსაც განახორციელებს ჩვენი ეროვნული პარკების სააგენტო და გააუმჯობესებს საქართველოს ეროვნული პარკებისა და დაცული ტერიტორიების მართვას, მოვლასა და შენარჩუნებას. ასე რომ, ჩემთვის მართლაც ძალიან სასიხარულო იყო, რომ შევძელი, მხარი დამეჭირა არა მხოლოდ კამპანიისთვის „გაატარე ზაფხული საქართველოში“, არამედ კამპანიისთვის - „გაატარე ყველა სეზონი საქართველოში“, - აღნიშნა ელიზაბეთ რუდმა.

 

 

big_banner
არქივი