logo_geo
დავით ზალკალიანი: ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა საქართველოსთვის არის დიდი პასუხისმგებლობა
- +

11 ნოემბერი. 2019. 12:43

 

თბილისში შედგა საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანთან მარია პეინჩინოვიჩ-ბურიჩთან, რომელიც გენერალური მდივნის რანგში სწორედ საქართველოში ახორციელებს პირველ ოფიციალურ ვიზიტს.

 

შეხვედრის შემდეგ პრესისთვის გაკეთებული განცხადებაში მინისტრმა ზალკალიანმა აღნიშნა, რომ დიდი პატივია ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნის, ქალბატონ მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩის თბილისში მასპინძლობა.

 

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წელს პირველად, ორგანიზაციაში გაწევრიანებიდან ოცი წლის შემდეგ, გადაიბარებს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას და 27 ნოემბრიდან 6 თვის ვადით უხელმძღვანელებს მინისტრთა კომიტეტს. თავმჯდომარეობა საქართველოსთვის არის დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად, გვაძლევს შესაძლებლობას, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, ვიმუშაოთ ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად და ხელი შევუწყოთ ორგანიზაციის მთავარი ღირებულებების - ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცებას“, - განაცხადა მინისტრმა.

 

ქართული მხარის მიერ შემუშავებულ იქნა თავმჯდომარეობის პრიორიტეტები და ასევე 6 თვიანი კალენდარი, რომელიც ითვალისწინებს თავმჯდომარეობის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებისა და კონფერენციის გამართვას. აღნიშნული პრიორიტეტები და თავმჯდომარეობის კალენდარი, დადგენილი წესის მიხედვით გაჟღერდება თავმჯდომარეობის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი ვითარების შესახებ. განსაკუთრებულად ხაზი გაესვა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, უკანონო ბორდერიზაციის და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის  ფაქტებს.

 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის ოფიციალური პრეზენტაცია. ახალი სამოქმედო გეგმა მომზადდა ევროპის საბჭოსა და ქართულ მხარეს შორის აქტიური თანამშრომლობით და მიზნად ისახავს  საქართველოს კიდევ უფრო მეტად დაახლოებას ევროპულ სტანდარტებთან ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის მიმართულებით. ეს გახლავთ მესამე სამოქმედო გეგმა.

 

ასევე შედგა ევროპის საბჭოს 70 წლის იუბილესთან და საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებული საიუბილეო მონეტის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოსცა.

 

„ორგანიზაციაში გაწევრიანება იყო ქართველი ხალხის სწრაფვა ევროპული ღირებულებებისა და ცივილიზაციისკენ და ასევე მზაობა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც ადამიანის უფლებათა, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის სფეროებში გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებს მოსდევს“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი