logo_geo
ბიძინა ივანიშვილი: იმედგაცრუებული ვარ...
- +

14 ნოემბერი. 2019. 17:14

 

 

„გაუთავებელი დესტრუქცია, ქვეყნის თუ ეკლესიის არევის მცდელობა - აი, რით უპასუხა ჩვენს ინიციატივას უპასუხისმგებლო ოპოზიციამ“, - პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს.

 

მისი თქმით, უპასუხისმგებლო ოპოზიციამ და მისმა სატელიტმა ორგანიზაციებმა „ქართული ოცნების“ ინიციატივას 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას თან დაკავშირებით გაუთავებელი დესტრუქციით, ქვეყნისა თუ ეკლესიის არევის მცდელობით, აგრესიული რიტორიკით, ცინიზმით, ქილიკითა და პირადი შეურაცხყოფით უპასუხეს.

 

„იმედგაცრუებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას, პროპორციული წესით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩაგვეტარებინა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები - სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა ეს ინიციატივა, „ქართული ოცნების“ დეპუტაციის ერთი ნაწილის, ძირითადად მაჟორიტარების, წინააღმდეგობის გამო ჩააგდო.

 

გაუთავებელი დესტრუქცია, ქვეყნის თუ ეკლესიის არევის მცდელობა, აგრესიული რიტორიკა, ცინიზმი, ქილიკი და პირადი შეურაცხყოფა - აი, რით უპასუხა ჩვენს ინიციატივას უპასუხისმგებლო ოპოზიციამ და მისმა სატელიტმა ორგანიზაციებმა. საქმე იქამდე მივიდა, რომ რეგიონებში, საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვების ჩაშლის მიზნით პირდაპირ დარბაზებში უვარდებოდნენ ჩვენს დეპუტატებს ამ ოპოზიციისგან პირდაპირ თუ ირიბად მართული აგრესიული ჯგუფები და საჯაროდ ლანძღავდნენ მათ“, - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის მიმართვაში.

 

პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. ინიციატივას 101 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 იყო წინააღმდეგი. აღნიშნული ხმები კანონის მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა.

 

ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141 დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37 დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

 

 

 

 

big_banner
არქივი