logo_geo
კახა კალაძე: ქურდბაცაცა ადამიანი, რომელმაც მოიპარა 50 მილიონი, გარეთ დადის
- +

15 ნოემბერი. 2019. 18:28

 

„ქურდბაცაცა ადამიანი, რომელმაც მოიპარა 50 მილიონი, გარეთ დადის“, - თბილისის მერი, კახა კალაძე, გიგი უგულავას ბრალდებებს პასუხობს.

 

„არ ვიცი, რამდენად უნდა გავაკეთო კომენტარი გიგი უგულავას აბსურდულ ბრალდებაზე. ჩვენი ხელისუფლების უბედურება არის ის, რომ ისეთი ქურდბაცაცა ადამიანები, როგორიც იყო გიგი უგულავა, რა დღეში ჩააგდო ქალაქი, ამას დღეს ვიმკით. ადამიანმა, რომელმაც მოიპარა 50 მილიონი და დღეს გარეთ დადის, თუ რატომ და რისთვის, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ.

 

ის ალბათ თავისი გადმოსახედიდან და თავისი მესენჯერიდან უყურებს ყველაფერს. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე. მე ვარ პარტიის გენერალური მდივანი და რა თქმა უნდა, კონსულტაციებში და მოლაპარაკებებში ვიყავი ჩართული იმ მიზნით, რომ შეგვძლებოდა, არსებული სისტემის ცვლილება განგვეხორციელებინა. თუმცა, როგორც ნახეთ, ეს შედეგი არ დადგა და მოხდა ის, რაც მოხდა.

 

ამდენი ხანია პოლიტიკაში ვარ და ერთი ადამიანი მაინც მითხარით, თუნდაც განსხვავებული აზრის ადამიანების მიმართ ჩემი თანამდებობა ბოროტად გამომეყენებინოს, ვინმესთვის არასწორად მიმემართოს, არასწორად მქონდეს კომუნიკაცია, ვინმე დამეჩაგროს ან ა.შ. ერთსაც ვერ დამისახელებთ ასეთს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელთა მტკიცებით, მაჟორიტარმა დეპუტატებმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი პირადად კახა კალაძის ზეწოლის შედეგად ჩააგდეს.

 

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი თბილისის მერმა კახა კალაძემ „აკაჩავა“ და მეუღლისა და მამის დაჭერით დაემუქრა.

 

 

 

 

big_banner
არქივი