logo_geo
გიორგი ვოლსკი: „ნაკერავზე გახეთქვა“ არ არის თბილისური გამოთქმა, როგორც ეს ულვაშიან ვაშაძეს ჰგონია
- +

15 ნოემბერი. 2019. 18:41

 

„არც პროპორციული არჩევნების, არც ვადამდელი არჩევნების არ გვეშინია, რადგან ვიცით, რისთვის ვმუშაობთ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ პასუხისმგებლობა აქვს ქვეყანაში სტაბილურობაზე.

 

„იყო ესეთი მოსაზრებები, თითქოს ხელისუფლება თავად თხოულობს და მიჰყავს ყველაფერი რიგგარეშე არჩევნებამდე, იცით თქვენ ამის თაობაზე. ჩვენთვის ეს არ არის მიზანი აბსოლუტურად, რადგან კიდევ ქაოტურ და სკანდალურ ატმოსფეროში არჩევნების ჩატარება რთული იქნება, თუმცა, რატომაც არა?!“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ხელისუფლება შეიძლება, დაეთანხმოს რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას, უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ ეს არ გულისხმობს დათანხმებას.

 

ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გრიგოლ ვაშაძის მიერ გუშინდელ აქციაზე გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.

 

„არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავთანხმდეთ. რეალურად იმის შიში, რომ რიგგარეშე არჩევნები რაიმეს მოაკლებს პოლიტიკურ პარტიას, ვერ გეტყვით, რომ არსებობს. „ქართულ ოცნებას“ პასუხისმგებლობა აქვს ქვეყანაში სტაბილურობაზე, განსხვავებით ყველასგან, რომლებიც ზოგჯერ ნაკერავზე გახეთქვით და ზოგჯერ რაღაც სისულელეებით იმუქრებოდნენ. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის თბილისური სიტყვა, როგორც ეს ულვაშიან ვაშაძეს ჰგონია, აბსოლუტურად არ არის.

 

ჩვენს ინტერესებში აბსოლუტურად არ არის, რომ საზოგადოებაში იყოს დაპირისპირება, არც პროპორციული არჩევნების, არც ვადამდელი არჩევნების არ გვეშინია, იმიტომ რომ ვიცით, რისთვის ვმუშაობთ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

გრიგოლ ვაშაძე გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე სიტყვით გამოვიდა.

 

„მინდა, „ქართულ ოცნებას“ ვუთხრა, რა სისტემითაც არ უნდა ჩაატაროთ არჩევნები, თბილისურად გეტყვით, გაგხევთ ნაკერავზე“, - განაცხადა ვაშაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი