logo_geo
არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ პარლამენტის კომიტეტების გარდა, საკადრო ცვლილებები სპიკერატშიც იქნება
- +

22 ნოემბერი. 2019. 12:34

 

 

„საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსულტაციები თითქმის დასრულებულია“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, უახლოეს დღეებში უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რის შემდეგაც გუნდი მედიას საბოლოო გადაწყვეტილებებს გააცნობს.

 

„საზოგადოებას ვუთხარით იმ დანაკარგის შესახებ, რაც ჩვენმა გუნდმა განიცადა საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრის შემდეგ, რაც ნამდვილად ძალიან სამწუხაროა. ჩვენ მოვახდენთ სწრაფად ჩვენი გუნდის გადაწყობას პარლამენტში. თითქმის დასრულებულია ამაზე პოლიტიკური კონსულტაციები. ამ დღეების განმავლობაში გვექნება უმრავლესობის სხდომა და საბოლოო გადაწყვეტილებებს უკვე მედიას და საზოგადოებას გაგაცნობთ. არაუგვიანეს ორშაბათისა გეცოდინებათ ის ადამიანები, რომლებიც ყველა მნიშვნელოვან, ძირითად პოზიციაზე შევარჩიეთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

მისი თქმით, გადაადგილებები იქნება, როგორც კომიტეტებში, ასევე ახალი გადაწყვეტილებები სპიკერატში, დაწინაურდებიან ახალგაზრდა პოლიტიკოსებიც.

 

„გამოცდილი, პროგრესული ადამიანები, მათ შორის ახალგაზრდა პოლიტიკოსებიც დაწინაურდებიან ძალიან მნიშვნელოვან პოზიციებზე, როგორც საგარეო პორტფელში, ისე შიდა პოლიტიკის თვალსაზრისით იმ კომიტეტებში, რომელიც ეხება განათლებას, კიდევ რამდენიმე კომიტეტში იქნება გადაადგილებები, ისევე როგორც სპიკერატში იქნება ახალი საკადრო გადაწყვეტილებები. ამ გადაადგილებებით ყველას მიეცემა შესაძლებლობა, რომ საკუთარი მაქსიმალური წვლილი შეიტანოს პარლამენტის მომავალ საქმიანობაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

გასულ კვირაში, 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე ჩავარდნის შემდეგ, უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები 12 დეპუტატმა დატოვა, მათ შორის პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა და ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა.

 

 

big_banner
არქივი