logo_geo
იენს სტოლტენბერგი: რუსეთი პასუხისმგებელია საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე
- +

29 ნოემბერი. 2019. 18:33

 

„რუსეთი პასუხისმგებელია მეზობლების, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე“, – ეს განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დღეს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 

მისი თქმით, ალიანსი ვერ ხედავს რუსეთის მხრიდან NATO-ს მოკავშირეზე გარდაუვალი თავდასხმის საფრთხეს, თუმცა რუსეთი აგრძელებს შეიარაღების მოდერნიზაციას, რაზე საპასუხოდაც NATO-მ თავდაცვის გაძლიერება უნდა განაგრძოს.

 

„დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთის მხრიდან NATO-ს მოკავშირეების მიმართ გარდაუვალი თავდასხმის საფრთხეს. თუმცა, ჩვენ ვხედავთ სტრატეგიულ გამოწვევას. ჩვენ ვხედავთ რუსეთს, რომელიც მნიშვნელოვან ინვესტიციებს აბანდებს ახალ სამხედრო ტექნოლოგიებში, მათ შორის ხდება ბირთვული ძალების შესაძლებლობების გაზრდა და განახლება. რუსეთი არღვევს ევროპაში შეიარაღების კონტროლის შესახებ შეთანხმების მთავარ პრინციპებს. რუსეთი აგრძელებს ისეთი რაკეტების დისლოცირებას, რომლებსაც ევროპის ქალაქებამდე მისაღწევად სულ რამდენიმე წუთი სჭირდებათ. ეს არის რაკეტები, რომლებსაც აქვთ ბირთვული შესაძლებლობები. ჩვენ ვხედავთ რუსეთს, რომელიც პასუხისმგებელია მეზობლების წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე. ვგულისხმობ საქართველოსა და უკრაინას. ასევე, რუსეთს უნებართვოდ ჰყავს სამხედრო ძალები მოლდოვაში. რუსეთის მხრიდან NATO-ს წევრი ქვეყნების მიმართ აგრესიული ქმედება არ გვინახავს. მაგრამ სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ნატომ განაგრძოს თავდაცვის გაძლიერება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, რუსეთის მიმართ NATO-ს მიდგომის შესახებ ალიანსის ლიდერები, ლონდონში 3-4 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრებენ.

 

 

 

big_banner
არქივი