logo_geo
სოფო კილაძე: ოპოზიციას ჰგონია, რომ დეპუტატები დამოუკიდებლად არ მოქმედებენ
- +

5 დეკემბერი. 2019. 15:34

 

 

„მე ვარ და დავრჩები პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრე, სიმართლე გითხრათ, ჩემი კოლეგების გადაწყვეტილების მიკვირს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ ერთიან მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.

 

როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავების უფლება აქვს ყველა დეპუტატს და ამას ვერავინ დაუშლის.

 

„შეიძლება ოპოზიციას ჰგონია, ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ, რომ დეპუტატები დამოუკიდებლად არ მოქმედებენ. ჩემი აზრით, ეს მათი პირადი დამოკიდებულებაა, რომელიც კონკრეტულ ინიციატივაში ასახეს. ამას ჩვენ ვერ დავუშლით“, – განაცხადა კილაძემ.

 

კითხვაზე, ერთიან მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის საკითხზე საუბარი ხომ არ დაძაბავს ქვეყანაში ვითარებას, სოფო კილაძემ აღნიშნა: „არ მგონია, ამ ინიციატივას ასეთი დიდი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ, რადგან დიდი ალბათობით ეს ინიციატივა ვერ გავა და შესაბამის ხმებს ვერ მოიპოვებს. ამიტომ არ მგონია, რომ საფრთხის შემცველი იყოს“.

 

ვიქტორ ჯაფარიძემ, დაჩი ბერაიამ, მიხეილ ყაველაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ და კიდევ რამდენიმე დეპუტატმა პარლამენტის ბიუროს საკონსტიტუციო ცვლილებების მოსამზადებლად საინიციატივო ჯგუფის დარეგისტრირების თხოვნით მიმართეს.  როგორც საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დაჩი ბერაიამ განაცხადა, მათი ინიციატივით ორპალატიანი საარჩევნო სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს.

 

 

big_banner
არქივი