logo_geo
ირაკლი კობახიძე: განცხადებებს ჰაერზე არ ვაკეთებთ, გარკვეული გათვლები გვაქვს
- +

13 დეკემბერი. 2019. 17:01

 

„ბუნებრივია, ჰაერზე არ ვაკეთებთ განცხადებებს, გვაქვს გარკვეული გათვლები“, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ჟურნალისტების კითხვას, როგორ აპირებენ საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებას, როცა მათ არ აქვთ საკონსტიტუციო უმრავლესობა და არც 100 ხმა.

 

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით ამ საკითხზე მხოლოდ გუნდში იმსჯელეს და არ აკონკრეტებს, ვისთან შეიძლება ჰქონდეთ კიდევ კონსულტაციები.

 

„არაფერი გასასაიდუმლოებული და ფარული ამაში არ არის, უბრალოდ კონსულტაციები გრძელდება და სჯობს, თავი შევიკავოთ ამ ინფორმაციის გავრცელებისგან“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

 

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილება, რომელზეც საუბრობენ, „ვადამდელი არჩევნების ჩატარების ცდუნებას“ გამორიცხავს.

 

„შეიძლება იყოს ცდუნება იმასთან დაკავშირებით, რომ იყოს მუდმივი საუბარი ვადამდელ არჩევნებზე. იმისათვის, რომ ეს ცდუნება არ დარჩეს, უნდა შეიქმნას საკონსტიტუციო მექანიზმი. მივედით შეთანხმებამდე იმ დეპუტატებთან, რომლებმაც დააყენეს სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივა, შევჯერდით, რომ ისინი მოხსნიან ამ ინიციატივას იმ პირობით, რომ შემუშავდება მექანიზმი, რომელიც გამორიცხავს დესტაბილიზაციას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

big_banner
არქივი