logo_geo
ბიძინა ივანიშვილი: დიდია ცდუნება, წინა ხელისუფლებას უპასუხო ისე, როგორც იმსახურებენ, მაგრამ...
- +

14 დეკემბერი. 2019. 17:55

 

„ვინც ოკუპაცია გააფორმა - სწორედ მან მოირგო პატრიოტის მანტია და აქეთ გვდებს ბრალს ოკუპაციაში; ვინც ბოლო 30 წლის მანძილზე ლამის მექრთამეობის ეტალონად იქცა, პარლამენტის ტრიბუნიდან კორუფციაზე გველაპარაკება და სამართლიანი სასამართლოს მედროშედ უნდა წარმოაჩინოს თავი“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„სიდუხჭირის გარდა, წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით ოკუპაცია, ავტორიტარიზმი, ერთი პატარა ჯგუფის მიერ მიტაცებული და თავისუფალი აზრის, თავისუფალი ადამიანების დასათრგუნად მომართული სახელმწიფო ინსტიტუტები მივიღეთ. დღევანდელობის ცინიზმი კი იმაში მდგომარეობს, რომ ვინც ოკუპაცია გააფორმა - სწორედ მან მოირგო პატრიოტის მანტია და აქეთ გვდებს ბრალს ოკუპაციაში; ვინც ფეხქვეშ გათელა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, აწამა და ქუჩაში ხოცა თანამოძმე, მიიტაცა ბიზნესი, მედია და პრაქტიკულად გააუქმა თავისუფალი სიტყვა, აკრძალა ქუჩა, გახსოვთ რომ ქუჩაში გამოსვლა აკრძალული იყო - სწორედ ისინი გვდებენ ბრალს დემოკრატიის ნაკლებობაში დღეს, თანაც ნაძარცვი ფულით სახელდახელოდ გახსნილი ტელევიზიებიდან; ვინც ბოლო 30 წლის მანძილზე ლამის მექრთამეობის ეტალონად იქცა, პარლამენტის ტრიბუნიდან კორუფციაზე გველაპარაკება და სამართლიანი სასამართლოს მედროშედ უნდა წარმოაჩინოს თავი.

 

დიდია ცდუნება, უპასუხო მათ ისე, როგორც იმსახურებენ, მაგრამ მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდი - „ქართული ოცნება“ - ვრჩებით 2012 წლის იდეალების ერთგულად, მათ ახლაც მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ხალხი და ჩვენი დიდი კულტურა“, - განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი