logo_geo
არჩილ თალაკვაძე: ყველაზე მთავარი ტროლები ჯერ კიდევ გამოდიან აქციებზე, ეწევიან დეზინფორმაციას და დაკავებულები არიან რეალობის გადაკეთებით
- +

23 დეკემბერი. 2019. 11:53

 

„არ ვფიქრობ, რომ ეს არის სკანდალი, რეალურად ეს არის „ფეისბუქის“ რეგულაციების და წესების ნაწილი, რომ „ფეისბუქი“ პერმანენტულ რეჟიმში მუშაობს ტროლების წინააღმდეგ და აუქმებს მას ამერიკაშიც, ევროპაშიც და მათ შორის საქართველოშიც“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მიერ ანგარიშებისა და გვერდების წაშლას.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე  ოპონენტების შეფასებებსაც გამოეხმაურა.

 

„მთავარი ტროლები ჯერ კიდევ რჩებიან ჩვენს ქვეყანაში - ადამიანებს კლავდნენ და ახლა თითქოს ადამიანის უფლებები აინტერესებთ; ბიზნესს ატერორებდნენ და ახლა ბიზნესის დაცვაზე საუბრობენ; მედიას აკონტროლებდნენ და ტელევიზიებზე რეიდებს ატარებდნენ - ახლა თავისუფალ მედიაზე გვიკითხავენ მორალს; ეროვნული და პროდასავლური ღირებულებები ფეხით გათელეს და ახლა პროდასავლელებად მოაქვთ თავი!

 

ახლაც ვნახეთ ამაზე სპეკულაციები. ერთ-ერთი ჩვენი ოპონენტი ამბობდა დღეს, რომ „ფეისბუქმა“ ამხილა თითქოს ხელისუფლება ანტიდასავლური კამპანიისთვის. ეს არის სიცრუე, არაფერი ასეთი „ფეისბუქის“ ოფიციალურ განცხადებაში არ წერია. ეს ღონისძიებები გატარდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და სხვა ქვეყნებშიც იმავდროულად. „ფეისბუქი“ არის ღია სივრცე და ყველამ კარგად იცის, რომ „ფეისბუქში“ არის არა მხოლოდ ხელისუფლების მხარდამჭერი, არამედ უფრო ხელისუფლების საწინააღმდეგო ბევრი დეზინფორმაცია. არიან სავარაუდოდ ჩვენი მხარდამჭერებიც, ვინც აქტიურობენ, არიან ადამიანები და ორგანიზებული ქსელები, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ ეწევიან დეზინფორმაციას. ეს იცის საქართველოში „ფეისბუქის“ ყველა მომხმარებელმა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ის სუბიექტები, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ დეზინფორმაციას ავრცელებენ, ბევრად მეტ თანხას ხარჯავდნენ.

 

„დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად მეტიც უღირთ როგორმე ხელისუფლება გააშავონ, მაგრამ არ გამოუვათ. არჩევნებში მოქალაქეები მონაწილეობენ და არა ტროლები. „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა საქართველოს მილიონ მოქალაქეზე მეტმა. ძალიან ბევრი მოქალაქე რამდენიმე დღის წინ, ევროპასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე იყო გამოსული თბილისის მთავარ მოედანზე „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის რესურსიც. ეს ადამიანები და ეს მხარდაჭერა, რაც არჩევნებზე ფიქსირდება, ხალხი, ვინც მხარს გვიჭერს დედაქალაქში და რეგიონებში - ვირტუალური არ არის. ხელისუფლებას ხალხი ირჩევს და არა ტროლები. ხალხს აქვს რეალური ინფორმაცია, რომელიც იღებს სხვადასხვა წყაროსგან და ათასჯერ ამოწმებს ყოველდღიურ ცხოვრებაში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი