logo_geo
დიმიტრი ხუნდაძე: 2024-შიც უნდა გვქონდეს სულ მცირე, შერეული სისტემა, სადაც მაჟორიტარული შემადგენელი აუცილებელი იქნება
- +

22 იანვარი. 2020. 18:36

 

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე თვლის, რომ მოცემულ ოპოზიციურ სპექტრში, პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება არც 2024 წელს შეიძლება.

 

მისი თქმით, 2024-შიც უნდა გვქონდეს სულ მცირე, შერეული სისტემა, სადაც მაჟორიტარული შემადგენელი აუცილებელი იქნება.

 

„რისკებზე ბევრჯერ მისაუბრია. გუნდში იყო აზრთა სხვადასხვაობა და დღეს ვხედავ, რომ ჩემი და ჩვენი თანამოაზრეების რიცხვი თანდათან იზრდება, რადგან ამ რეალობის შეგრძნების აუცილებლობა დგას. პოლიტიკური სპექტრი არის აბსოლუტურად დესტრუქციული, ისინი არ ტოვებენ ქუჩას და მათი მიზანია, რამენაირად იოლი გზით შევიდნენ პარლამენტში. ხედავთ, ვაშაძეს განცხადების შემდეგ ვერ შეთანხმდნენ შიგნით, ვინ იყო ავტორი და ვინ ითხოვდა ყველაზე ხმამაღლა პროპორციულ სისტემას. ამაზე აქვთ აზრთა სხვადასხვაობა და თქვენ წარმოგიდგენიათ, ეს პოლიტიკური სპექტრი პარლამენტში შემოსული, რომელთაც აქვთ აბსოლუტურად იდეოლოგიური სხვაობა. მათი ერთობით ჩამოყალიბებული კოალიციური მთავრობა, რა თქმა უნდა, რყევადი იქნება, ისინი ვერ შეთანხმდებიან ვერაფერზე, რადგან ელემენტარულზე ვერ თანხმდებიან. პროპორციული საარჩევნო სისტემა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კომპრომისული გადაწყვეტილება იყო. ამ კომპრომისზე მეც წავედი. გუნდში იყო ერთი ნაწილის მოლოდინი, რომ ეს გადაწყვეტილება დაამშვიდებდა ქუჩას, დაამშვიდებდა ოპოზიციურ სპექტრს, მაგრამ ვნახეთ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ქუჩა არ მიუტოვებიათ და მათი დესტრუქციის ხარისხი კიდევ უფრო გაიზარდა. ჩემი გუნდის მომხრეთა ის ნაწილი, რომელიც ამ მიზნით უჭერდა მხარს პროპორციულს, დღეს უკვე ხვდებიან, რომ პროპორციული სისტემა შეიცავს გარკვეულ რისკებს ქვეყნის სტაბილურობის. ამიტომ  ვფიქრობ, არა მხოლოდ დღეს, არამედ 2024-შიც ჩვენ უნდა გვქონდეს სულ მცირე, შერეული სისტემა, სადაც მაჟორიტარული შემადგენელი აუცილებელი იქნება. ამ საკითხზე თანამოაზრეების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება და გუნდის შემადგენლობას გასცდება. ოპოზიციურ სპექტრშიც იქნებიან დეპუტატები, რომლებიც რეალურად შეხედავენ ამ ხიფათს ქვეყნისთვის და დაუჭერენ მხარს,  საკონსტიტუციო ჩანაწერში, რომ შემდგომი არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით. ეს დეპუტატებიც მიიღებენ ობიექტურ და სწორ გადაწყვეტილებას.  იმედი მაქვს, გამოჩნდება რამდენიმე დეპუტატი, რომელიც შეავსებს იმ რაოდენობას, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებისთვის არის საჭირო, სულ მცირე, 100. ეს რაოდენობა მოიძებნება, თვითონ გამოჩნდებიან. მოცემულ ოპოზიციურ სპექტრში პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება არ შეიძლება. არ შეიძლება, მათ ენდოთ ქვეყნის მართვა. მეგულება პარლამენტში დეპუტატები, რომლებიც არ არიან უმრავლესობაში, მაგრამ ისინი რეალურად შეაფასებენ სიტუაციას, რომ არ შეიძლება, დესტრუქციულ ძალას ჩაუგდო ქვეყნის მართვის ბერკეტი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

big_banner
არქივი