logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: ებრაელების გადარჩენაში ქართველებს წვლილი მიუძღვით, ეს ჯილდო მათია
- +

23 იანვარი. 2020. 02:41

 

"ეს ჯილდო არ არის პირადად ჩემი ან, თუნდაც, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ პატივისცემის ნიშანიეს არის მთელი ქართველი ერის, ჩვენი მრავალწლიანი კავშირისა და მათი პატივისცემა, ვინც ეს კავშირი საუკუნეებში გამოატარა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას იერუსალიმში მუზეუმ "სიონის მეგობრებში", სადაც მას აღნიშნული ამერიკული ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო საზეიმოდ გადაეცა.

 

პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში გაიხსენა მღვდელი გრიგოლ ფერაძე, რომელიც მისი თქმით, უბრალოდ ქართველი კი არა, კაცობრიობის სიმბოლო იყო.  

 

"ჩვენ ვამაყობთ, რომ გრიგოლ ფერაძე ქართველი იყო. ის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხული, რადგან ებრაელთა სიცოცხლე გადაარჩინა და მომავალი თაობებისთვის მაგალითი, შთაგონების წყარო გახდა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

პრეზიდენტმა გაიხსენა საფრანგეთში მყოფი ქართველი ემიგრანტები, რომლებსაც, ასევე, წვლილი მიუძღვით ებრაელების გადარჩენაში. 


"ჩემთვის ეს ჯილდო არის შესაძლებლობა, რათა გავიხსენო ბიძაჩემი - მიშა კედია. მას წვლილი მიუძღვის ებრაელების გადარჩენაში, რომლებიც საფრანგეთის ოკუპაციის დროს ქართული ემიგრაციის ნაწილს წარმოადგენდნენმიმაჩნია, რომ ეს ღონისძიება და ჯილდო, ასევე, ქართველი ებრაელი რაბინის - დავით ბააზოვის პატივისცემის ნიშანია. ის 1918 წელს, ოტომანთა მიერ სამხრეთ საქართველოს ნაწილის ოკუპაციის დროს ქრისტიან ქართველებს გადარჩენაში დაეხმარა. ეს ჯილდო ეკუთვნის ყველას, ვინც ჩვენი კავშირის განვითარებასა და საერთო ისტორიის გამდიდრებას შეუწყო ხელი“ - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა



მისივე ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, ამ კავშირების შენარჩუნებისთვის  დავაჯილდოვა 4 ქალბატონი:  

რივა ბაბალიკაშვილი, რომელიც ბევრ ქართველ და ისრაელელ ვირტუოზს ასწავლიდა;
პნინა ბათ ცვი ლიპმანი, რომელმაც ისრაელში საქართველოს რებრენდინგი წარმატებით განახორციელა და რომელიც თავად არის ჰოლოკოსტს გადარჩენილთა შვილი;
ლეა ბარდანი - ისრაელში დაბადებული ქართველი ებრაელი, რომელიც 2008 წლის ომის დროს ჩვენს ჯარისკაცებს ისრაელში მკურნალობისას  ეხმარებოდა; 
თინა შიმშილაშვილი - ქართველი ებრაელი პოეტი.  


 
მისივე თქმით, ქართველებისა და ებრაელების კავშირი ასახულია კულტურასა და ისტორიაში: საქართველომ ორჯერ შეუწყო ხელი ქრისტე საფლავის რეკონსტრუქციას; იზრაელის მიწაზე საქართველოს მნიშვნელოვან ისტორიულ როლს ადასტურებს 39 მონასტერი, ჯვრის მონასტრის ჩათვლით, რუსთაველის ცნობილ ფრესკასთან ერთად.

 

"ჩვენი საერთო წარსულიდან ახალ აღმოჩენებს წარმოაჩენს ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციები. ჩვენი კავშირი მხოლოდ წარსულის კუთვნილება არ არის, - იგი ჩვენი აწმყოცაა. ჩვენ ძალიან შევეთვისეთ ერთმანეთს. ქართველმა ებრაელებმა ჩვენთან იპოვეს ადგილი, სადაც შეინარჩუნეს თავიანთი ენა და კულტურა. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ ისრაელის ხალხში არ ნელდება საქართველოში ჩამოსვლის, იქ ინვესტიციების განხორციელებისა და მათი ტრადიციებისა და კულტურის ჩვენთვის გაზიარების სურვილი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართველებისა და ებრაელების კავშირი დღევანდელ მსოფლიოში მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ეს ორი ქვეყნის პატარა ერები, გარე საფრთხეების წინაშე დგანან და   დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა უწევთ. ორივე ქვეყანა ამაყობს საერთო სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-სთან თანამშრომლობით და მისი დახმარებით.

 

"ორივე ერი გლობალური გამოწვევების წინაშე ვიდექით, - იმ გამოწვევებისა, რომელიც დღეს უკვე მთელი სამყაროს ხვედრია. ორივე ტერორიზმის საერთო საფრთხეს ვებრძვით: ჩვენი ჯარისკაცები - მსოფლიოს სხვადასხვა სამშვიდობო მისიაში, თქვენი ჯარისკაცები კი - თქვენს საზღვრებზე. ორივე ქვეყანა ვამაყობთ საერთო სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით და მისი ფასდაუდებელი დახმარებით. მინდა გთხოვოთ, პრეზიდენტ ტრამპს გადასცეთ ჩემი უდიდესი მადლიერება ჩვენი თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვაში ხელშეწყობისთვის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელში სამუშაო ვიზიტი 21 იანვარს დაიწყო.  ქალაქ იერუსალიმში სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მსოფლიო ჰოლოკოსტის მე - 5 ფორუმს დაესწრო.

 

 

 

 

big_banner
არქივი