logo_geo
თეა წულუკიანის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარედ მის დანიშვნაზე განხილვები არ გამართულა
- +

27 იანვარი. 2020. 12:18

 

 

ვიცე-პრემიერისა და იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარედ მის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით განხილვები არ გამართულა. ამის შესახებ მინისტრმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

 

„ეს არის გარკვეული ტიპის ხმები, რომელიც დადის და მეც მსმენია. მაგრამ ამ თემაზე არავითარი განხილვა არც ჩემთან და არც გუნდის შიგნით არ ყოფილა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

„იმედის კვირასთან“ ინტერვიუში თეა წულუკიანი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსსა და მართლმსაჯულების რეფორმის სამ ტალღას ისტორიულ საკანონმდებლო ცვლილებებად აფასებს.

 

„როდესაც გარკვეული დრო გავა, დარწმუნებული ვარ, რასაც დღეს ევროპა დადებითად აფასებს, კიდევ უფრო დადებითად შეაფასებს შედეგებს ჩვენი საზოგადოება“, - თქვა მინისტრმა.

 

რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ე.წ. მაყურებლების თემას, ამაზე მინისტრი ამბობს, რომ არიან პატიმრები, რომლებიც ყოველთვის და სისტემატურად ცდილობენ, გავლენა მოახდინონ, დაიმორჩილონ სხვა პატიმარი.

 

„მაგრამ მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ იმ ზომებმა, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, და სამწუხაროდ არც კი მოხვდა სახალხო დამცველის ანგარიშში, კერძოდ, 46 ასეთი პატიმარი შარშან დახურულ დაწესებულებაში გადავიყვანეთ, უფრო მეტიც, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მივეცით“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

 

 

big_banner
არქივი