logo_geo
არჩილ თალაკვაძე: სიმართლე C ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებით არის ის, რომ...
- +

3 თებერვალი. 2020. 19:43

 

 

 „C ჰეპატიტის პროგრამის მიმართ მართლაც იყო უსამართლო და სპეკულაციური კამპანია, თუმცა კარგია, რომ ხელისუფლებამ ამას უპასუხა ძალიან საქმიანად და აქტიურად. რეალურად, სიმართლე  C ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებით არის ის, რომ  დღისათვის  60 ათასზე მეტი ადამიანი განიკურნა ამ პროგრამის ფარგლებში და ამდენი სიცოცხლის გადარჩენა შეძლო სახელმწიფომ, შეძლეს ექიმებმა და შეძლეს იმ ორგანიზაციებმა, ვინც ჩართული არიან ამ პროგრამის განხორციელებაში. კიდევ ბევრი მოქალაქე მკურნალობს ამ მომენტისთვის და არა ერთი მოქალაქე, ვისაც აქვს სტატუსი დადგენილი, ასევე მათ მიმართაც არის მზადყოფნა, რომ ისინიც ჩაერთონ პროგრამაში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იყო სპეკულაციები, რომ თითქოს არის გარკვეული ბარიერები, ფინანსური თუ სხვა სახის, მაგრამ ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილება    ამ ბარიერებთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე  იყო მიღებული. არჩილ თალაკვაძის თქმით, სახელმწიფომ სათანადო დაფინანსება გამოყო ამისთვის და ამ მცირე ფინასური ბარიერების მოხსნას დრამატული ზრდა პროგრამაში ჩართულობის არ გამოუწვევია.

 

„ჩვენ უნდა ვიფიქროთ უკვე და ვნახოთ სხვა ბარიერები ხომ არ არსებობს, ან ჩვენს მოქალაქეებს ხომ არ სჭირდებათ  მეტი ინფორმაცია. სხვათა შორის,  ჯანდაცვის სფეროში გლობალური მასშტაბით მკურნალობაში ჩართვის პრობლემა, არა მხოლოდ  C ჰეპატიტის, არამედ სხვა დაავადებებთან მიმართებაშიც, არის გამოწვევა. იგივე ტუბერკულოზთან დაკავშირებით იცით, რომ ტუბერკულოზის დამარცხება და ტუბერკულოზის შემთხვევების განულება ასევე იყო გლობალური მიზანი, რაც არაერთხელ გადაიწია ვადაში, სწორედ იმის გამო, რომ ყველა ადამიანის ჩართვა, მიუხედევად უფასო მკურნალობისა, ვერ ხერხდებოდა წლების განმავლობაში. აქედან პოლიტიკური სკანდალის შექმნა, ვფიქრობ იყო უპასუხისმგებლო“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის სახელით მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების  მთავრობას, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტს და კომპანიას „GILEAD“, ვინც საქართველოს მჭიდრო მოკავშირეები, პარტნიორები და მხარდამჭერები არიან  ამ პროგრამაში. მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველა ექიმს, ექთანს, ეპიდემიოლოგს და პაციენტს, ვინც ეს პროგრამა გამოიყენა.​

 

 

big_banner
არქივი