logo_geo
არჩილ თალაკვაძე: დაბალი მხარდაჭერის პარტიები აშშ-ში კამპანიას ატარებენ, რომ ჩვენს პოლიტიკურ გარემოს იმიჯი შეულახონ
- +

8 თებერვალი. 2020. 10:56

„საქართველოს აქვს აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერა და ნდობა, აქ არსებობს დიდი ოპტიმიზმი, რომ ჩვენ ვაგრძელებთ დემოკრატიის განმტკიცებას, ეკონომიკის გაძლიერებას და უსაფრთხოების სფეროში ვრჩებით აშშ-ის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ“, – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვაშინგტონში ვიზიტის დასასრულს გააკეთა.

 

ვიზიტის ფარგლებში 20-ზე მეტი შეხვედრა შედგა კონგრესსა და სენატში, მათ შორის იმ კონგრესმენებთანაც, რომლებიც ბოლო პერიოდში გამოგზავნილი კრიტიკული წერილების ავტორები იყვნენ.

 

როგორც ვიზიტის დასასრულს არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, შეხვედრების ფორმატში მას საშუალება ჰქონდა, ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის ქვეყნის მმართველი გუნდის ხედვები გაეცნო.

 

„მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენს კოლეგებს კონგრესში შევხვედროდით, გვესაუბრა მათთან და მიგვეწოდებინა ინფორმაცია ჩვენი გეგმებისა და სამომავლო გადაწყვეტილებების შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სამომავლოდ ჩვენს ურთიერთობებს ძალიან დაეხმარება. მათ ძალიან სჭირდებოდათ ეს კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, კითხვები არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის საქართველოს არჩევანი, როგორია ჩვენი კურსი და რა პოლიტიკას ვახორციელებთ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, შეხვედრების ერთ-ერთი მთავრი თემა იყო მომავალი საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული დისკუსიები. მისი განცხადებით, შეთავაზება, რომლიც მმართველ გუნდს ოპოზიციისადმი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით აქვს, სამართლიანი და კომპრომისულია, რის შესახებ მან ამერიკელ პარტნიორებსაც მიაწოდა ინფორმაცია.

 

„თებერვლის ბოლოს უკვე მოლაპარაკებების შეთანხმების ფანჯარა იხურება. თებერვლის ბოლოს შეთანხმება თუ არ შედგა, პარლამენტი უკვე ვეღარ მოასწრებს ამ ცვლილებების განხორციელებას კონსტიტუციაში. შესაბამისად, თებერვლის ბოლომდე მნიშვნელოვანია, რომ ვნახოთ ოპოზიციის პრაგმატული პასუხი.

 

100/50 არის ნამდვილად კომპრომისული ვარიანტი იმასთან შედარებით, თუ რა არის დღეს ჩაწერილი კონსტიტუციაში, მის გარდამავალ დებულებებში. დარწმუნებული ვარ, თუ ოპოზიციას აქვს სურვილი, რომ მოხდეს შეთანხმება და მიიღოს კონკურენტული საარჩევნო გარემო, ეს არის ამ ეტაპზე კომპრომისული, სამართლიანი შეთავაზება. მაგრამ, როგორც ვხედავთ, ოპოზიციური პარტიების ნაწილს, რომელსაც არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, არ აქვს იმედი, რომ არჩევნებში რაიმე შედეგს აჩვენებს, ერთადერთი ამოცანა აქვს – დესტრუქცია, რომ არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა“, – აცხადებს თალაკვაძე.

 

მისივე თქმით, ასეთი პარტიები აშშ-ში ცდილობენ ლობისტების პოვნას, რათა საქართველოში საარჩევნო პროცესს იმიჯი შეულახონ.

 

„ფაქტია, ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ უფრო დავრწმუნდი, რომ დაბალი მხარდაჭერის მქონე პარტიები, რომლებსაც საქართველოში არ აქვთ ხალხის ნდობა და მხარდაჭერა, ძირითადად თავის საარჩევნო კამპანიას ატარებენ ვაშინგტონში. ისინი ცდილობენ, რომ აქ მოახდინონ ვიწრო პოლიტიკური ინტერესების პროექტირება, მოძებნონ ლობისტები, იპოვონ ადამიანები, რომელთა საშუალებითაც შეიძლება, გარკვეულწილად, ჩვენს პოლიტიკურ გარემოსა და საარჩევნო პროცესს იმიჯი შეულახონ. ამით ცდილობენ, რაღაც პოლიტიკური ქულები მოიპოვონ.

 

მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტიამ, ვისაც დემოკრატია აინტერესებს, იმუშაოს ჩვენს მოქალაქეებთან, იქ გააკეთოს კამპანია, აჩვენოს ხედვები. შემდეგ უკვე ვისაუბროთ, არის თუ რა მათი განწყობები გულწრფელი და სურთ თუ არა ნამდვილად სამართლიანი არჩევნები ან საერთოდ, სურთ თუ არა არჩევნების გზით რაიმე შედეგებისთვის ბრძოლა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

big_banner
არქივი