logo_geo
თეა წულუკიანი: რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების საქმეზე ფატუ ბენსუდა და მისი გუნდი პროგრესს ხედავს
- +

14 თებერვალი. 2020. 17:49

 

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენციის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შეხვდა ფატუ ბენსუდას, რომელიც ჰააგის პროკურორია და უკვე რამდენიმე წელია მიჰყავს გამოძიება აგვისტოს ომის საქმეზე.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაში მონაწილეობს.

 

მისი განცხადებით, ქართული მხარე თანამშრომლობს ფატუ ბენსუდასთან იმისთვის, რომ ამ საქმეზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრიორიტეტები დეტალურად იყოს გამოძიებული.

 

ქალბატონი პროკურორი და მისი გუნდი ხედავენ პროგრესს გამოძიებაში. მათ ძალიან დიდი ძალისხმევის გაწევა უწევთ იმისთვის, რომ გამოძიება ნაყოფიერად და სწრაფი ტემპით წავიდეს. ნაყოფიერი შეხვედრა იყო. გიორგი გახარია პრემიერ- მინისტრის რანგში პირველად შეხვდა ბენსუდას. მნიშვნელოვანი იყო, რომ პროკურორს მისგან მოესმინა, რომ ქართველების ეთნიკური წმენდის და სამხედრო ტყვეების წამების ფაქტებზე მომავალშიც გააგრძელებს პროკურორის ოფისთან თანამშრომლობას. პროკურორი და მისი გამომძიებლები არ საუბრობენ გამოძიების კონკრეტულ დეტალებზე. ისინი გვეუბნებიან არის თუ არა პროგრესი. დღეს ითქვა, რომ პროგრესი არის. მათ ასევე აქვთ გამოძიება იყოს ნაყოფიერი და სწრაფი, - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

 

მისი თქმით ქართულმა მხარემ შეხვედრაზე მისთვის პრიორიტეტული საკითხები დააყენა.

 

 ქართველების ეთნიკური ნიშნით წმენდა სიცოცხლის ხელყოფა სამხედროების მხრიდან არის უმნიშვნელოვანესი. ამ საკითხზე არსებობს სრული ურთიერთგაგება. ეს არის ნიმუში წარმატებული თანამშრომლობის. ჩვენ მათ ნაცვლად საქმეს ვერ გამოვიძიებთ, მაგრამ მაქსიმალურად იქნება ხელშეწყობა ჩვენი მხრიდან. საუბარი იყო იმაზეც, რომ როდესაც პროკურორი დაასრულებს და გამოძიებას, ეს შედეგები უნდა იყოს მტკიცებულებებით გამყარებული, რათა პროკურორმა, როგორც ბრალდების მხარემ შეძლოს ჰააგის მოსამართლეების წინაშე საქმის დაცვა. მან გვითხრა, რომ მისი მიზანია საქმე იყოს მტკიცებულებებით გამყარებული და არ არსებობდეს ეჭვი და ჰააგის მოსამართლეებს არ გაუჩნდეთ კითხვის ნიშნები. ეს თავიდანვე უნდა გამოირიცხოს. მისი სამუშაო კომპლექსურია და საკმაოდ მძიმე“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

ფატუ ბენსუდა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გენერალური პროკურორის მოადგილედ 2004 წლის 8 აგვისტოს აირჩიეს. 2012 წელს კი, მან გენერალური პროკურორის თანამდებობა დაიკავა. საქართველოდან გაგზავნილი საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, ფატუ ბენსუდამ ჰააგის სასამართლოს მოსამართლეებს საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების ნებართვა სთხოვა. ბენსუდა საქმის შესასწავლად საქართველოს 2015 და 2018 წლებშიც სტუმრობდა.

 

2019 წლის დეკემბერში  თეა წულუკიანი, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის რიგით მე-18 სესიის ფარგლებში, ჰააგის სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას შეხვდა. მაშინ ფატუ ბენსუდამ განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გამოძიება შესაძლოა 2020 წლის ბოლომდე დასრულდეს.

 

 

big_banner
არქივი