logo_geo
ანრი ოხანაშვილი: ირაკლი შოთაძეს მაღალი დემოკრატიული სტანდარტის დაცვით მოვუსმინეთ
- +

17 თებერვალი. 2020. 22:59

 

 

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომიტეტზე ირაკლი შოთაძის მოსმენა მაღალი დემოკრატიული სტანდარტის დაცვით მოხდა.

 

„პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა კიდევ ერთი მაღალი დემოკრატიული სტანდარტი დადო. დღეს კომიტეტის სხდომაზე, თითქმის 7 საათის განმავლობაში უსმენდა გენერალური პროკურორობის კანდიდატს. დაისვა ყველა კითხვა, რისი გაჟღერებაც სურდა როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.  

 

მისი თქმით, ირაკლი შოთაძე დიდი პასუხისმგებლობით მიუდგა კითხვებზე პასუხის გაცემის პროცესს. „მან დეტალურად ისაუბრა პროკურატურის შემდგომ ინსტიტუციურ განვითარებაზე. სოციალური გარანტიების კიდევ უფრო გაძლიერებაზე პროკურორებისთვის. სამართლინობის აღდგენის იმ ნაბიჯებზე, რომლის გადაგმასაც ის გეგმავს თუ გახდება ქვეყნის გენერალური პროკურორი. ასევე ილაპარაკა იმ გახმაურებულ საქმეებზე რომელიც მისი პროკურორობის დროს გაიხსნა“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა. 

 

ირაკლი შოთაძის კანდიდატურას იურიდიულმა კომიტეტმა რეკომენდაცია 8 ხმით გაუწია. ჩატარდა ფარული კენჭისყრა. პროცედურას არ ესწრებოდა საპარლამენტო ოპოზიცია.

 

კომიტეტის სხდომა ნახევარი საათის დაგვიანებით, 14:30 საათზე დაიწყო, რაც ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მოწყობილმა ინციდენტმა გამოიწვია.

 

საპროკურორო საბჭომ ირაკლი შოთაძე 7 თებერვალს, 12-დან 11 ხმით აირჩია. გენერალური პროკურორობის კონკურსში, საერთო ჯამში, 17 კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა ორმა პირადი განცხადებით საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. გენერალურ პროკურორს პარლამენტი 6 წლით აირჩევს.

 

საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტმა შალვა თადუმაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დაამტკიცა.

 

 

big_banner
არქივი