logo_geo
კურტ ვოლკერი: აგვისტოს ომის ერთ-ერთი მიზეზი პუტინის მიმართ სააკაშვილის ხისტი რიტორიკა იყო
- +

19 თებერვალი. 2020. 11:25

 

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხისტი რიტორიკა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი გახდა“, - ამის შესახებ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში კურტ ვოლკერმა განაცხადა და აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიხეილ სააკაშვილის ყველა ქცევასა თუ რიტორიკაზე განსაკუთრებით მძაფრად რეაგირებდა.

 

ვფიქრობ, სააკაშვილმა ბევრი რამ გააკეთა თავისი ქვეყნისთვის, გაატარა ბევრი რეფორმა, ეფექტურად ამყარებდა ურთიერთობას აშშ-სა და დასავლეთთან, თუმცა პუტინი ძალიან ნერვიულად რეაგირებდა მწვავე რიტორიკაზე, რომელიც მის მიმართ სააკაშვილმა აირჩია, არათუ ნერვიულად, არამედ აგრესიულადაც. ვფიქრობ, ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი 2008 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ომის დაწყების, რამაც შეუძლებელი გახადა ნებისმიერი რუსულ-ქართული ურთიერთობა“, - აღნიშნავს კურტ ვოლკერი და ხაზს უსვამს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას რიტორიკა შეცვლილი აქვს, თუმცა მას არც რუსეთის აგრესია დავიწყებია და არც ოკუპირებული ტერიტორიები დაუთმია.

 

საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას რუსეთთან მიმართებაში სხვა რიტორიკა აქვს არჩეული, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თბილისმა რუსეთს ჩააბარა ოკუპირებული ტერიტორიები და რუსული აგრესიის შესახებ დაივიწყა“, - განაცხადა ვოლკერმა.

 

კურტ ვოლკერმა სახელმწიფო დეპარტამენტი 2019 წელს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოსალოდნელი იმპიჩმენტის გამო დატოვა. მან კონგრესში იმპიჩმენტის პროცესის ფარგლებში ჩვენება მისცა და თანამდებობიდან ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად გადადგა.

 

 

big_banner
არქივი