logo_geo
რუსეთის საგარეო უწყება საქართველოზე კიბერთავდასხმის ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს
- +

21 თებერვალი. 2020. 11:14

 

საქართველოზე მასშტაბური კიბერთავდასხმის განხორციელების ბრალდებას რუსეთის საგარეო უწყება ეხმაურება.

 

რუსეთის საგარეო უწყება საქართველოზე კიბერთავდასხმის ბრალდებას უსაფუძვლოსა და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს

 

შესაბამის კომენტარს სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

 

 

„ამ აშკარად დადგმული საინფორმაციო შემოგდების დაუმტკიცებლობა და პოლიტიკური მოტივაცია ნათელია.

 

რუსეთის ოფიციალური სტრუქტურების კავშირის მტკიცებულება არ არსებობს და არ შეიძლება არსებობდეს.

 

აღსანიშნავია ვაშინგტონის, ლონდონისა და თბილისის მიერ მოწყობილი ამ პროპაგანდისტული აქციის სინქრონულობა.

 

სულ რაღაც ოთხი თვე დასჭირდათ, რომ რუსეთი დამნაშავედ გამოეყვანათ იმ ინციდენტისთვის, რომელიც თითქოს 28 ოქტომბერს მოხდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება ორივე ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებში შედის, თუმცა, გარკვეულ ძალებს ეს არ აწყობთ.

 

„სამწუხაროა, რომ თავად საქართველოში უარს არ ამბობენ რუსეთის დემონიზირების ხაზზე და გასული წლის კრიზისიდან გაკვეთილი არ გამოაქვთ. ყველაფერი ეს ისედაც რთულ ორმხრივ ურთიერთობებს ართულებს.

 

კვლავ დარწმუნებულნი ვართ, რომ არსებული უთანხმოების გადალახვა და ნორმალიზაციის პროცესის გაგრძელება რუსი და ქართველი ხალხის ძირეულ ინტერესებს პასუხობს. გვესმის, რომ არიან ძალები, ვისაც ეს საერთოდ არ აწყობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი