logo_geo
ანდერს კნაპე: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული
- +

22 თებერვალი. 2020. 21:42

 

 

„ბოლო წლებში, მედიისა და ევროპელი პოლიტიკოსების ყურადღება ძირითადად მიპყრობილი იყო სირიაში, ერაყსა და აფრიკაში არსებულ მდგომარეობაზე, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსგავსი სიტუაცია არსებობს ევროპის შიგნითაც, სადაც რუსეთის მიერ ტერიტორიები არის ოკუპირებული,“ - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა, ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტმა ოკუპაციის მუზეუმში ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„საქართველო ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოებიდან ერთ-ერთია, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია. მსგავს ვითარებაშია უკრაინაც. ევროსაბჭოს მხრიდან, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია და საქართველოში მიუღებელი მდგომარეობის შესახებ ევროპაში და მის საზღვრებს გარეთ მყოფ ხალხს შევატყობინოთ. ჩემი მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, არ დავივიწყოთ საქართველოსა და უკრაინაში არსებული სიტუაცია.

 

ბოლო წლებში, მედიისა და ევროპელი პოლიტიკოსების ყურადღება ძირითადად მიპყრობილი იყო სირიაში, ერაყსა და აფრიკაში არსებულ მდგომარეობაზე, რადგან იქ კონფლიქტი უფრო აქტიურია და ყოველდღიური სახე აქვს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსგავსი სიტუაცია არსებობს ევროპის შიგნითაც, სადაც რუსეთის მიერ ტერიტორიები არის ოკუპირებული.

 

ძალიან მინდა, კონფლიქტის ზონაში წავიდე, იქ მცხოვრებ ხალხს გავესაუბრო და არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით მათი მოსაზრება გავიგო. ეს არ არის მხოლოდ ჩემი პირადი ინტერესი, ამით დაინტერესებულია ევროსაბჭოც, რომ განვაახლოთ ჩვენი ცნობები არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ანდერს კნაპემ.

 

ეს ევროსაბჭოს რეგიონალურ და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში.

 

დაგეგმილია მაღალი რანგის შეხვედრები სამთავრობო უწყებებში, ასევე - გასვლა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე და სიტუაციის ადგილზე გაცნობა.

 

 

big_banner
არქივი