logo_geo
დავით ზალკალიანი: საგანგაშოა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში გაუარესებული ვითარება ქმნის იძულებით გადაადგილების ახალი ტალღის გარდაუვალ საფრთხეს
- +

24 თებერვალი. 2020. 16:37

 

 

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში განხორციელებული ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღის შედეგად, ასობით იძულებით გადაადგილებული და დევნილი პირი დღემდე მოკლებულია საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას “, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საგანგაშოა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში გაუარესებული ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება ქმნის იძულებით გადაადგილების ახალი ტალღის გარდაუვალ საშიშროებას.

 

„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების არარსებობა ვერ იქნება და არ უნდა ქმნიდეს დაბრკოლებას იმ ადამიანების ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით, რომლებიც მოკლებულნი არიან მინიმალურ უსაფრთხოების ზომებს დევნის საშიშროების პირობებში. შესაბამისად, საერთაშორისო თანამეგობრობის, პირველ რიგში კი ადამიანის უფლებათა საბჭოს, მტკიცე პოზიცია არსებითია.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ კვლავ ვგეგმავთ საბჭოს მიმდინარე სესიაზე რეზოლუცი - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ გატანას და თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის შედეგებზე ეფექტურად გამკლავება, იქნება ეს საქართველოსა თუ უკრაინაში, შეუძლებელია მტკიცე საერთაშორისო პასუხის გარეშე. თუმცა ადგილზე პოზიტიური ცვლილებების ერთადერთი გზა ვალდებულებების შესრულების დაწყებაა“, – განაცხადა ზალკალიანმა.

 

ამასთან, დავით ზალკალიანმა კიბერთავდასხმის დამხობის გამო საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომი ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებს.

 

„გასულ ოქტომბერში, რუსეთის მიერ საქართველოს მთავრობისა და კერძო უწყებების სერვერებსა და ვებგვერდებზე განხორციელებული, ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმა, წარმოადგენს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის კიდევ ერთი-ერთი განზომილებას, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებს, ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და დემოკრატიული განვითარებას.

 

მადლიერი ვარ ყველა საერთაშორისო პარტნიორის ამ შეტევის დაგმობისთვის, რომელიც მიმართული იყო საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ და მიზნად ისახავდა საქართველოს მოქალაქეებისა და სამთავრობო სტრუქტურებისათვის ზიანის მიყენებას, სხვადასხვა ორგანიზაციის ფუნქციონირების შეფერხებისა და პარალიზების გზით.

 

მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო რუსეთს, შეასრულოს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ევროკავშირის შუამდგომლობით, 2008 წელს მიღწეული შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები და შეწყვიტოს დესტაბილიზაციისკენ მიმართული მისი ქმედებები საქართველოში. მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო საქართველოს მზადყოფნა, იყოს აქტიურად ჩართული მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებების დაცვისა და პოპულარიზაციის გაძლიერების მიზნით საბჭოს მუშაობაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

 

big_banner
არქივი