logo_geo
აშშ-ის საელჩო სოციალური ქსელის საშუალებით, მწერალ მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვებით, საქართველოს ოკუპაციის დღეს გამოეხმაურა
- +

25 თებერვალი. 2020. 15:28

 

 

აშშ-მ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

 

„დღეს, საბჭოთა ოკუპაციის დაწყებიდან 99 წლის შემდეგ, შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგას მძიმე ბრძოლით მოპოვებული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

 

დიდმა ქართველმა მწერალმა, მიხეილ ჯავახიშვილმა აღწერა, როგორი იყო იმ დროებაში ცხოვრება. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ მის სიტყვებს:

 

„25 თებერვალს მე ვიგრძენი, თუ როგორ შემოვიდა ტანში მჭრელი მახვილი, რომელიც მას აქეთ დღითიდღე უფრო ღრმად მერჭობა.

 

გაფითრებული ვარ და ტანში მუდმივი ჟრჟოლა მივლის. ეხლა სატევრის წვერი ზედ გულზე მაქვს დაბჯენილი და ვგრძნობ, ოდნავ რომ შევინძრე, ჩამესობა და ისე გამათავებს, რომ გმინვის ამოღებასაც ვეღარ მოვასწრებ“, - წერია აშშ-ის საელჩოს Facebook-ის  გვერდზე.

 

შეგახსნებთ, რომ საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

 

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

 

 

big_banner
არქივი