logo_geo
სერგეი ლავროვმა ქართველ ჟურნალისტებს „ავადმყოფები“ უწოდა და მათი შეკითხვები უპასუხოდ დატოვა
- +

25 თებერვალი. 2020. 16:52

 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართველ ჟურნალისტებს „ავადმყოფი გოგონები“ უწოდა და მათ შეკითხვებს არ უპასუხა.

 

ინციდენტი გაერო-ს ჟენევის ოფისში მოხდა.

 

ქართველი ჟურნალისტები რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელისგან ცდილობდნენ გაეგოთ, აპირებს თუ არა ევროსაბჭოს მინისტერიალში მონაწილეობის მიღებას.

 

როგორც გავრცელებული კადრებიდან ჩანს, ლავროვის დაცვა  ქართველ ჟურნალისტებს მასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს.

 

ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა.

 

„ჟენევაში ქართველი ჟურნალისტები რუსეთის დელეგაციას თავს დაესხნენ. შეუძლებელი იყო წინ წასვლა. ისინი ყვიროდნენ, ხელს ჰკრავდნენ, რათა მინისტრთან მისულიყვნენ.

იძულებული გავხდი, ისინი უკან გამეწია. ამ ქალებს ყველანაირი ღირსება დაკარგული ჰქონდათ.

 

და იცით, რა აინტერესებდათ? დაჯერება შეუძლებელია! მათ მხოლოდ ერთი კითხვა ჰქონდათ:  ჩამოვა ლავროვი თბილისში?

 

როგორ უნდა იყო ასე დამოკიდებული იმაზე, ჩამოვა თუ არა კონკრეტული პიროვნება შენს ქვეყანაში? საცოდავი არსებები. მე და ჩემი კოლეგები „დაგვიჭირეს“, მაგრამ შეფი არ დაშავებულა.

 

აღსანიშნავია, რომ ლავროვს კითხვას რუსულად რომ უსვამდნენ, იქვე ინგლისურად ყვიროდნენ „don’t touch me“.

 

ეს ალბათ სააკაშვილის სტილია, რომელიც რუსული ავიაციის ბომბების ქვეშ ძირს ეგდო“, - წერს მარია ზახაროვა.

 

ცნობისთვის, საქართველომ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს.

 

2020 წლის 13 თებერვალს რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას რუსეთის დელეგაციაც მიიღებს.  

 

ვინ იქნება რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, ამ დროისთვის უცნობია.

 

 

big_banner
არქივი