logo_geo
არჩილ თალაკვაძე: მივმართავ პრეზიდენტს!
- +

10 მარტი. 2020. 23:30

მე პირადად ვთვლი და მომავალშიც ასე ჩავთვლი, სანამ ვიქნები პოლიტიკაში, რომ ადამიანების დაპატიმრება და გათავისუფლება სამართლებრივ სახელმწიფოში არ არის პოლიტიკოსების გადასაწყვეტი. თუ სასამართლო მომავალში, ვინმესთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას, დააპატიმრებს თუ გაამართლებს, ამაზე არავითარი გავლენა პოლიტიკოსებს პარლამენტიდან თუ ოპოზიციიდან არ უნდა ჰქონდეთ. ეს არის ცალსახა“,-ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გააკეთა.

 

 

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს  ვინ არის მართალი. მისივე თქმით, ის ადამიანები, ვინც გუშინ აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს მართლმსაჯულებაში, დღეს ამბობენ, რომ ხელისუფლებამ და პოლიტიკოსებმა უნდა გაუშვან ესა თუ ის ადამიანი. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განმარტა შეთანხმების დოკუმენტში არსებული ჩანაწერი  პრეზიდენტის შესახებ.

 

 

„პოლიტიკური მხარეები შევთანხმდით, რომ პრეზიდენტს ვთხოვოთ, მივმართოთ, რომ  მომავალში, მან გამოიყენოს თავისი ზეპარტიული, პოლიტიკური თანამდებობა და პლატფორმა, რათა პოლიტიკური მოლაპარაკებებს, მომავალ შეხვედრებს სხვა საკითხებზე, რომელიც შეიძლება წამოიჭრას, უმასპინძლოს საქართველოს პრეზიდენტმა.

გუშინ თქვენ ნახეთ, რომ ოპოზიცია შეთანხმდა, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით მიმართონ პრეზიდენტს. ეს ოპოზიციონრები ერთი წლის განმავლობაში ამბობენ, რომ პრეზიდენტს ჩვენ არ ვაღიარებთ, ის არ არის ჩვენი არჩეული პრეზიდენტი, ის ვერ ასრულებს თავის ფუნქციას. ამის მერე თქვენ, როგორ გჯერათ ადამიანების, რომლებიც გუშინ ერთს ამბობდნენ, დღეს მეორეს აკეთებენ, რომლებმაც ჩააგდეს პროპორციული არჩევნები, ბოიკოტი გამოუცხადეს და დღეს თავგამოდებული მხარდამჭერები არიან პროპორციული არჩევნების. ამ ხალხის, როგორ გჯერათ 100 პროცენტით? გადაამოწმეთ. ჩახედეთ დოკუმენტს. იქ ყველაფერი წერია, რაზეც შეთანხმება შედგა. სიტყვა პოლიტიკური პატიმარი ამ დოკუმენტში არ წერია. არც დაპატიმრება და არც გათავისუფლება“,
- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

big_banner
არქივი