logo_geo
გოგა ხაინდრავა: გვესმოდა მოწოდებები აჯანყების, სამოქალაქო დაპირისპირების, მწვავე კერების გაჩენის შესახებ...
- +

15 მარტი. 2017. 17:23



„განსაკუთრებული მნიშვნელობის პროცესს ჰქონდა ადგილი საქართველოში, ბათუმში", - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა და ბათუმში მომხდარი ფაქტი მიმოიხილა.

 

„რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია: სად მოხდა ეს ამბავი - აჭარა, ეს არის განსაკუთრებული რეგიონი საქართველოსთვის. ყველასთვის, ვინც მეტ-ნაკლებად ერკვევა პოლიტიკაში და ესმის, რა მოვლენები ვითარდება მსოფლიოში და ჩვენს მოსაზღვრე ორ ძალიან დიდ სახელმწიფოში (თურქეთსა და რუსეთს ვგულისხმობ), ადვილად მიხვდება, რომ აჭარის რეგიონის არჩევა ამ ვანდალური აქტისთვის, გასაკვირი არ არის. ეს ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებულ შეშფოთებას უნდა იწვევდეს. მინდა მჯეროდეს, რომ ეს კარგად გააზრებული აქვს ხელისუფლებას და განსაკუთრებით იმ საზოგადოებას, რომელიც ყველაზე აქტიურია და განაპირობებს პოლიტიკურ მოთხოვნილებებს ამ ქვეყანაში. შემთხვევითი არ არის, რომ ეს ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში. თუ გავითვალისწინებთ იმ მოვლენებს, რომლებსაც ადგილი აქვს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში,  გასაგები იქნება, რომ დაძაბულობის კერის გადატანა აჭარაში, ძალიან შორს მიმავალ პოლიტიკურ გეგმებთან არის პირდაპირ კავშირში", - განაცხადა ხაინდრავამ.


გოგა ხაინდრავამ აქვე ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ ვის მიერ ორგანიზებული შეიძლება იყოს აღნიშნული აქცია და ვის ინტერესებს შეიძლება ატარებდეს ქვეყანაში დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის გამოწვევა.


„რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, ვის მიერ შეიძლებოდა ყოფილიყო ორგანიზებული... უკანასკნელი თვეების განმავლობაში, არჩევნებიდან მოყოლებული, არაერთხელ გვესმოდა მოწოდებები აჯანყების, სამოქალაქო დაპირისპირების, მწვავე კერების გაჩენის შესახებ. არაერთხელ იყო ნახსნები საბურავები, ნახსენები იყო „მოლოტოვის კოქტეილები", ნახსენები იყო მძიმე პროცესები. ყველა ეს კომპონენტი, რომელიც მე დავასახელე, გამოიყენეს აჭარაში. მინდა გითხრათ, რომ 1986 წლიდან მოყოლებული, რეალურად არცერთი აქცია არ ყოფილა საქართველოში, რომლის ან მონაწილე, ან ორგანიზატორი, ან როგორც მინიმუმ მეთვალყურე არ ვყოფილიყავი. სამოქალაქო ომის დროსაც კი, იმ ყველაზე მძიმე პირობებში, საქართველოში „მოლოტოვის კოქტეილი" გამოყენებული არ ყოფილა. ეს არის პირველი და უპრეცედენტო ფაქტი, როდესაც საქართველოში გამოიყენეს „მოლოტოვის კოქტეილი". ეს არის ძალიან მძიმე და სახიფათო იარაღი. ეს არის იარაღი, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს იყენებდნენ საბჭოთა პარტიზანები გერმანული ტანკების წინააღმდეგ, მაშინ, როდესაც აკლდათ შეიარაღება. ეს არის სითხე, რომლის ჩაქრობაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ, მის ხმარებას სჭირდება განსაკუთრებული გაწვრთნა. ამას უბრალო ადამიანი ვერ გამოიყენებს, რადგან შეიძლება თავი დაიზიანოს და დააზიანოს გარშემომყოფები.  „მოლოტოვის კოქტეილები"  შემთხვევით, არცერთ აქციაზე, არცერთ ქვეყანაში არ ჩნდება. ეს არის მიზანმიმართული ქმედება. მის მომზადებას დრო სჭირდება. მის გამოყენებას - ორგანიზება. ამიტომ, აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ ის, რაც ბათუმში მოხდა, არ იყო შემთხვევითი, არ იყო სტიქიური და არ იყო უკმაყოფილო სოციალური ჯგუფების მიერ განხორციელებული აქცია. ამას დიდი გამოძიება არ სჭირდება. ეს ფაქტები ზედაპირზეა. ჩვენ ყველანი მომსწრე ვიყავით, როგორ ვითარდებოდა მთელი ღამის მანძილზე მოვლენები, როგორ ხდებოდა ესკალაცია და როგორ ხდებოდა იმ ვანდალური აქტების მხარდაჭერა. ხორციელდებოდა პოლიტიკური მხარდაჭერა. ჩვენ ყველანი ამის მომსწრენი ვართ. ის უტიფარი ტყუილი, რომელიც ჩვენ გუშინ გვესმოდა, როდესაც მელიები, კურდღლები და მგლები გამოდიოდნენ და ლაპარაკობდნენ, რომ ეს ყველაფერი თურმე მშვიდობიანი პროტესტის მხარდაჭერა იყო, ეს არის ისეთივე სირცუე, როგორიც არის ის, რომ „რუსთავი 2" არის მაუწყებლობა, რომ „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ორ ნაწილად, „ბოლშევიკებად" და „მენშევიკებად" დაიყო, არის პოლიტიკური ორგანიზაცია. ეს გახლავთ ტერორისტული ორგანიზაცია. ამის შესახებ არაერთხელ მითქვამს. და ბათუმის მოვლენებმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


ჟურნალისტის კითხვაზე, უკავშირებს თუ არა გოგა ხაინდრავა ბათუმის მოვლენებს „ნაციონალურ მოძრაობას", რეჟისორმა უპასუხა:

 

„მე არ ვუკავშირებ. ამას „ნაციონალური მოძრაობა" თვითონ უკავშირებს თავის თავს, რადგან ისინი არიან მონაწილე ამ პროცესების, ისინი არიან მხარდამჭერები ამ პროცესების, ისინი მოუწოდებდნენ საზოგადოებას, რომ მხარი დაეჭირათ და ამართლებდნენ იმ მოვლენებს, რომლებიც ხდებოდა ბათუმში", - განაცხადა გოგა ხიანდრავამ.





 

big_banner
არქივი