logo_geo
გიორგი გახარია: 150 ლარი არ არის საკმარისი...
- +

14 აპრილი. 2020. 20:52

 

 

„150 ლარი არ არის საკმარისი. შეუძლებელია, საარსებო მინიმუმი არ გავითვალისწინოთ და იმ ადამიანების ყოველდღიურ დახმარებაზე ვილაპარაკოთ, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მოსახლეობისთვის დახმარება არა 150 ლარი, არამედ უფრო მეტი იქნება.

 

რაც შეეხება 150 ლარს. კითხვა იყო, რას ვფიქრობ, არის თუ არა საკმარისი? რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. უფრო მეტსაც გეტყვით - 150 ლარი არ იქნება, უფრო მეტი იქნება. მოგეხსენებათ, რომ 150 ლარი არის საარსებო მინიმუმზე ქვემოთ. უბრალოდ შეუძლებელია საარსებო მინიმუმი არ გავითვალისწინოთ და იმ ადამიანების ყოველდღიურ დახმარებაზე ვილაპარაკოთ, რომლებმაც სამსახური დაკარგეს “, - განაცხადა პრემიერმა.

 

პრემიერმა ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვებ-გვერდზე თავდაპირველად რატომ გამოქვეყნდა 150 ლარით დახმარების თაობაზე ინფორმაცია, სადაც მოგვიანებით, გარკვეული მონაცემები ჩასწორდა. მისივე განმარტებით, სანამ ქვეყანა კრიზისში შევიდოდა, ორი თვის წინ გარკვეული სახის დახმარებაზე იყო მსჯელობა და ეს „გაიპარა“.

 

ყველა ექსტრემალურ მდგომარეობაში მუშაობს, არამხოლოდ საქართველოს მთავრობა, არამედ მსოფლიოს ყველა მთავრობა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობაც და მისიაც. შესაბამისად, მთლად სიმართლეც, თუ გინდათ, ეს იყო - სანამ ასეთ ღრმა კრიზისში შევიდოდით, მაშინ თვენახევრის, ორითვისწინანდელი პირველი მონახაზები ასეთი იყო, რომ მსგავსი რაღაც შეიძლება მომხდარიყო, თუმცა ეს რიცხვი აქტუალური არ ყოფილა. თან იმას ემატებოდა სხვა რაღაცები. იქ იყო რამდენიმე მხრივ დახმარება და ა.შ. დღეის მდგომარეობით, ეს გაიპარა, ის ძველი, ტექნიკური შეცდომა იყო. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ რეალურად, ქვეყანაში პირდაპირი მიზნობრივი სოციალური დახმარება ადამიანების მიმართ, რომლებმაც სამუშაო ადგილი და შემოსავალი დაკარგეს, რა თქმა უნდა, შეუძლებელია თვეში საარსებო მინიმუმზე ნაკლები იყოს.

 

შეუძლებელი იქნებოდა კონკრეტულ ციფრებზე, დახმარების პორტფელებზე გვესაუბრა, სანამ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, დონორებთან პარამეტრები არ გვექნებოდა შეთანხმებული. ყველას ხომ კარგად გვესმის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის შეთანხმება ნიშნავს ასევე შეთანხმებას, რომ ქვეყანაში იქნება ეკონომიკური რეცესია. ამას ხომ, თავისი პირდაპირი ეფექტი აქვს საბიუჯეტო შემოსავლებზე. გარდა იმისა, რომ საბიუჯეტო შემოსავლები მცირდება, ვირუსთან ბრძოლის ნაწილში გვეზრდება. ამ დისბალანსის დასაბალანსებლად გვჭირდებოდა ზუსტად ის საფინანსო დახმარება, რომელსაც ჩვენ წარმატებით მივაღწიეთ და რომელსაც უახლოეს დღეებში კიდევ უფრო გავშლით და დეტალებს მოვყვებით. ამის შემდგომ, ჩვენ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ, კონკრეტულ სოციალურ დახმარებაზე და არ ვიჭორაოთ იმ ციფრებზე, რომლის უკანაც პოლიტიკური ხმაურის, სიცარიელის და რაღაც გაუაზრებელი, უპასუხისმგებლო დაპირებების გარდა არაფერი არ არის“,- განაცხადა გახარიამ.

 

 

big_banner
არქივი