logo_geo
დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ გვესმის ეკლესიის და ეკლესიას ესმის ჩვენი, რომ ამ განსაცდელს ერთად უნდა ვებრძოლოთ ლოცვით და ქმედებით
- +

19 აპრილი. 2020. 00:55

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე   დიმიტრი ხუნდაძე  თავის წინა სააღდგომო მილოცვაში კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ეპიდემიისგან მოსალოდნელი საფრთხე რეალურია და ყველამ უნდა იმოქმედოს საღი გონებით და რწმენით. დეპუტატი მადლობას უხდის ქართულ ეკლესიას, მრევლს და განსაკუთრებით ექიმებს ძლიერი რწმენისთვის, მოთმინებისთვის და თავდადებისთვის:

 

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი აღდგომაა, რომელსაც ასეთი განსაცდელით და უჩვეულო ფორმით ვხვდებით. განსაცდელი იმდენად დიდია, რომ მას ცალკე აღებული ვერც ხელისუფლება გაუძლებს და ვერც ეკლესია. დღეს როგორც არასდროს, ერთად დგომის დროა. ჩვენ გვესმის ეკლესიის, რომ ეს განსაცდელი ღვთისგან არის და ეკლესიას ესმის ჩვენი, რომ ამ განსაცდელს ერთად უნდა ვებრძოლოთ ლოცვით და ქმედებით, სამაგალითო საექიმო პროფესიონალიზმით, ძლიერი სახელისუფლებო მენეჯმენტით და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით. ამ ჯაჭვს ერთი რგოლიც რომ გამოაკლდეს, საქართველო ამ ბრძოლას ვერ გაუძლებს.

 

 

ეკლესია გვასწავლის, გიყვარდეთ უფალი გულით და გონებით. დღეს გულით უფალთან ვართ, ხოლო გონებით იმ მომაკვდავ ადამიანებთან, რომლებიც აღდგომის ღამით სიკვდილს ებრძვიან. ჩვენ არ გვსურს, მათი რაოდენობა გაიზარდოს, არ გვსურს  კიდევ ბევრი მოქალაქე ვიხილოთ იმ მძიმე მდგომარეობაში, რასაც ექიმებიც ვეღარ უძლებენ. არადა, საფრთხე რეალურია.

 

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, ვისთვისაც სამშობლო მხოლოდ ლამაზი ბუნება არ არის, სამშობლო უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი რწმენა, ენა და უძველესი კულტურაა. და ეს ყველაფერი განადგურდება, თუკი ამ ეპიდემიამ ჩვენთანაც იფეთქა. ნუ გავიმეტებთ ისედაც მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას, ნუ გავიმეტებთ ერთმანეთს იმ საშინელი რეალობისთვის, რომელიც ძალიან ახლოსაა და ვერ ვხედავთ.

 

 აღდგომა სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებაა! მე მჯერა, რომ ჩვენი შეთანხმებული ქმედებით აუცილებლად დავძლევთ ამ განსაცდელს. მადლობა საქართველოს ეკლესიას ასეთი რწმენისთვის და წესრიგისთვის. მადლობა მართლმადიდებელ მრევლს ასეთი მოთმინებისთვის, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ექიმებს ასეთი თავგანწირვისთვის. ამ განსაცდელის ჟამს, სადაც არ უნდა ვილოცოთ, უფალი ჩვენთან იქნება, თუკი ეს ლოცვა იქნება ნამდვილი.

 

დღეს ჩვენ ვართ პოლიტიკოსები, რომლებმაც სწორად უნდა მართონ ქვეყნის ბედი. მე ამასთანავე ვარ ექიმი, რომელმაც უნდა გადაარჩინოს სხვისი სიცოცხლე და რათქმაუნდა,  ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, მცხეთელი, სადაც მაცხოვრის კვართია დაფლული და დღეს ვერ მივდივარ იქ მხოლოდ იმიტომ, რომ ქრისტე მოგვიწოდებს, გვიყვარდეს ერთმანეთი და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს.

 

ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! სიცოცხლე ხარობდეს ყველგან ჩვენს ოჯახებში, ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში“.​

 

 

big_banner
არქივი