logo_geo
ეკატერინე ტიკარაძე: ავსტრია ახლა გეგმავს იმას, რასაც ჩვენ უკვე ვაკეთებთ
- +

28 აპრილი. 2020. 01:38

 

 

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ევროპის ქვეყნებს შორის ავსტრიას გააჩნია ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელი კორონავირუსის ეპიდემიის კონტროლის კუთხით. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ავსტრიელ კოლეგასთან ონლაინ შეხვედრის დროს აღნიშნა.

ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრმა, რუდოლფ ანსჩობერმა და ეკატერინე ტიკარაძემ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

 

 

საუბარი შეეხო ტესტირების სტრატეგიას, მკურნალობის მეთოდებსა და პროტოკოლებს, ასევე ვირუსის მართვის კუთხით გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებს.

 

 

ჩვენ ვისაუბრეთ ზოგადად გლობალურ გამოწვევაზე, რაც კოვიდ ინფექციის გავრცელებას შეეხება მსოფლიოს მასშტაბით. რაც გამოიკვეთა, არის რომ ავსტრია, როგორც საქართველო, მიმართავს მიზნობრივ ტესტირებას, ისინი იკვლევენ მიზნობრივ ჯგუფებს და ახლა გეგმავენ უკვე ანტისხეულების ტესტირებას, იმას, რასაც საქართველო დღესდღეობით უკვე აკეთებს.

მნიშვნელოვანი არის ქვეყნებს შორის მოძრაობის აღდგენა და მათთვისაც, ისევე როგორც საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან პარტნიორებად დარჩებიან ის ქვეყნები, რომლებიც იქნებიან კოვიდისგან თავისუფალი, ვინაიდან ორივე სახელმწიფოსთვის უპირატესია საკუთარი მოქალაქის ჯანმრთელობა. შესაბამისად, ჩვენ ერთობლივად ხელს შევუწყობთ ჩვენი მოქალაქეების გადაადგილებას იმ ქვეყნებში, სადაც არ იქნება კოვიდ ინფექციის რისკი, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი