logo_geo
ირაკლი კობახიძე: ციფრები არის ერთი, დემაგოგია არის მეორე
- +

28 აპრილი. 2020. 23:00

 

 

ციფრები არის ერთი, დემაგოგია არის მეორე“,- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ოპონენტების განცხადებებს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესახებ. მისი თქმით, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სოციალური და ეკონომიკური დახმარების პაკეტი აქვს მომზადებული.

 

 

არაერთხელ გვქონდა საუბარი ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია სოციალური დახმარება, ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი სხვა ქვეყნებში და როგორია ეს პაკეტი საქართველოში. თუ ავიღებთ ჩვენი ქვეყნის და სხვა ქვეყნების მონაცემებს და თუ შევადარებთ ეკონომიკის რესურსებს, ამ შემთხვევაში, დავინახავთ რომ საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სოციალური და ეკონომიკური პაკეტი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე განმარტებით, ამის გაკეთების საშუალება ხელისუფლებას იმ დიდმა რესურსმა მისცა, რომლის მობილიზებაც საქართველოს მთავრობამ და ფინანსთა სამინისტრომ მოახდინა.

 

 

მთლიანობაში, ეს არის 3 მილიარდი დოლარის რესურსი, რომელიც დამატებით კიდევ მოხმარდება ეკონომიკის სტიმულირებას და ასევე, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამ რესურსების მობილიზების ხარჯზე, უპრეცენდენტო თანხების მობილიზების ხარჯზე, ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ გვქონდეს სხვა ქვეყნებზე უკეთესი სოციალური და ეკონომიკური პაკეტი. ციფრები არის ერთი, დემაგოგია არის მეორე“,- განაცხადა დეპუტატმა.

 

 

ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, ირაკლი კობახიძე ასევე გამოეხმაურა საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებს ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს შეფასებები, გარდა სხვა ფაქტორებისა, შესაბამისი რესურსის მობილიზებისთვის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია.

 

 

ამ გეგმის სოციალურ და ეკონომიკურ ნაწილში თითეული პუნქტი არის გაწერილი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მათი რეკომენდაციების საფუძველზე და ესეც გახდა დადებითი შეფასებების მიზეზი და საფუძველი იმისა, რომ  სათანადო სახსრების მობილიზება მოვახერხეთ. გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი დახმარება აღმოვუჩინოთ ჩვენს მოქალაქეებს და ასევე, ქართულ ეკონომიკას. ამის შედეგია, მათ შორის, პროგნოზები. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა იწინასწარმეტყველა მომავალი წლისთვის 4%-იანი ეკონომიკური ზრდა საქართველოში. რომ არ გვქონდეს სწორად ნამუშევარი და რომ არ გვქონდეს სწორი ზომები მიღებული, ბუნებრივია, შეუძლებელი იქნებოდა ასეთი მძიმე საერთო გლობალური რეცესიის ფონზე, მომავალი წლისთვის ოთხი პროცენტის პროგნოზირება და ეს არის ძალიან კარგი ავანსი, რომელიც გასცეს საქართველოს მიმართ საერთაშორისო პარტნიორებმა სწორედ ჩვენი ძალისხმევის საფუძველზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

 

 

big_banner
არქივი