logo_geo
თეა წულუკიანი: ხელისუფლება იმისთვის არსებობს, რომ როცა მოქალაქე მართალია, მას უთხრას „შენ ხარ მართალი“
- +

27 მაისი. 2020. 02:16

 

 

ჩვენ 2013 წელსვე შევცვალეთ სტრასბურგის სასამართლოსთან მიდგომები და ვთქვით, რომ არ ვალოდინებთ მოქალაქეებს, ვისი უფლებაც დაირღვა, რომ სტრასბურგმა გადაწყვეტილება გამოაცხადოს. 137 საქმეზე ვაღიარეთ, რომ დარღვევა იყო სახეზე და რა თქმა უნდა, ყველა საქმე ეხებოდა წინა ხელისუფლებისდროინდელ დარღვევებს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“ იმ რეფორმებზე საუბრისას განაცხადა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ბოლო რვა წლის განმავლობაში განახორციელა.

 

ამან მოქალაქეებს საშუალება მისცა, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მიეღოთ ის, რაც ეკუთვნოდათ: პირველი - აღიარება, რომ ისინი იყვნენ მსხვერპლნი, მეორე - მიეღოთ ის კომპენსაცია, რომელიც მათ ეკუთვნოდათ, ან მათი საქმე გადასინჯულიყო. ჩვენ მიერ რეფორმირებული სასამართლოს პირობებში, არაერთი მოქალაქე გამართლდა მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების მიერ ციხეში იყო გაგზავნილი, რადგან დამნაშავედ ცნეს - მტკიცებულებების გარეშე.

 

მეგობრული მორიგების ინსტრიტუტს წინა ხელისუფლებაც იყენებდა, ოღონდ, მთელი 9 წლის განმავლობაში ასეთი 10 აქტი იყო. ჩვენს დროს, ჯერ 8 წელია გასული და 137 საქმეზე მოვრიგდით მოქალაქესთან და ვუთხარით „შენ ხარ მართალი“. აი, ასეთი ხელისუფლება ვართ ჩვენ. ამას სისუსტეში გვითვლიან ხოლმე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება იმისთვის არსებობს, რომ როცა მოქალაქე მართალია, მას უთხრა „შენ ხარ მართალი“. ამას ძალიან აფასებს ევროპული სასამართლო და არაერთ შეხვედრაზე ამას აღნიშნავენ ხოლმე, როგორც „ქართულ პოლიტიკას“ და ქართულ საუკეთესო მაგალითს.

 

ჩვენ რეფორმების ოთხივე ტალღა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მივიღეთ და ეს ხუთივე, ძირეული რეფორმა იქნა როგორც ევროკავშირის, ასევე სხვა, დასავლელი პარტნიორების მიერ უმნიშვნელოვანესად და დადებითად შეფასებული. რეფორმების პირველმა სამმა ტალღამ ჩვენ საშუალება მოგვცა, რომ ასოცირების შეთანხმებისთვის მოგვეწერა ხელი. სხვა მხრივ, ეს უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა. რეფორმების მეოთხე ტალღაც, ასევე, ძალიან პოზიტიურად შეფასდა“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი