logo_geo
გიორგი გახარია: ჩვენი ამოცანა იყო ძირითად პროდუქტებზე შიდა რისკების, სპეკულაციის და კურსთა შორის სხვაობის დაზღვევა
- +

27 მაისი. 2020. 22:06

 

 

 

 

ყველას კარგად გვესმის, რომ პანდემია არის გლობალური, არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ ეკონომიკური გამოწვევა. მსოფლიო და ჩვენი მეზობლები ამას მიხვდნენ ძალიან სწრაფად. ჩვენთვის ამის პირველი მესიჯები იყო ის, როდესაც ჩვენმა მეზობლებმა ან ჩვენმა მომწოდებელმა ქვეყნებმა ძირითად სასურსათო პროდუქტზე უბრალოდ გადაკეტეს ბაზრები. ეს იყო ხორბალი, შაქარი, ბურღულეული და ასე შემდეგ. ეს იყო შემთხვევა, როდესაც ზოგიერთი ქვეყანა უბრალოდ გარკვეული პანიკის ნიშნების წინაშე იდგა. ამიტომ შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბატონი ლევან დავითაშვილი, რომელმაც ეფექტურად იმუშავა მსხვილ იმპორტიორებთან და ჩვენ გავაკეთეთ ქვეყანაში 9 აუცილებელ სასურსათო პროდუქტზე სტრატეგიული მარაგები, რომლებიც დღესაც გვაქვს და საჭიროების შემთხვევაში ვიყენებდით. გავაკეთეთ პროგრამა, რომელიც გულისხმობდა 9 ძირითად პროდუქტზე ფასის დაზღვევას, მაგრამ არ მინდა აქ ვინმეს სპეკულირების საშუალება მივცე, არავინ არავის არ დაპირებია ფასის დაფიქსირებას. საერთაშორისო ბაზრებზე, მაგალითად, შაქარზე და ფქვილზე საქართველოს ფასების დაზღვევა შეუძლებელია უბრალოდ, ჩვენი ძირითადი ამოცანა იყო ჩვენი შიდა რისკების დაზღვევა, ეს იყო სპეკულაცია და კურსთა შორის სხვაობა, რაც ქმედითად იქნა გაკეთებული - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.

 

პრემიერ მინისტრმა ეფექტური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა ლევან დავითაშვილს და აღნიშნულ ჯგუფს. მისი თქმით, მიუხედავად უდიდესი დეფიციტისა, ქართველ ექიმებს პირადი დაცვის აღჭურვილობის  პრობლემა ძირითადად არ ექმნებოდათ, დღეს კი ქვეყანაში დიდი რაოდენობით პირბადეები იწარმოება.

 

გარდა ამისა, ბატონი ლევანის და საერთოდ ამ ჯგუფის, რომელშიც ჯანდაცვის სამინისტროც მუშაობდა, დამსახურებაა და მადლობა მინდა გადავუხადო, რომ უდიდესი დეფიციტის მიუხედავად ქვეყანაში პირადი დაცვის საგნებზე, მათ შეძლეს რომ ძირითადად, გარკვეული პატარა პრობლემების გარდა, ქართველ ექიმებს პირადი დაცვის აღჭურვილობის დიდი პრობლემა არ შექმნიათ. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ დღეს ქვეყანაში უკვე საკმაოზე მეტი რაოდენობით პირბადეები იწარმოება, რაშიც ეკონომიკის სამინისტრო იყო ჩართული და დღეს ფაქტობრივად  ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში რიგებია უბრალოდ ამ მსხვილი შესყიდვების გამო“ - განაცხადა გახარიამ.

 

პრემიერ- მინისტრმა ხაზი გაუსვა სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად მუშაობას.

 

ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო და ცალკე გამოვყო სატვირთო გადაზიდვები. სატვირთო გადაზიდვები საქართველოს ეკონომიკისთვის და  არა მხოლოდ მომარაგებისთვის, მე არ ვსაუბრობ ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო მომარაგებაზე, ეს არის პროდუქტი, შაქარი, ფქვილი, წამლები და კიდევ ბევრი რამ. ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია, რომლის უბრალოდ ხელიდან გაშვებაც შეიძლება გამხდარიყო დიდი კონკურენტული პრობლემა, ეს სატვირთო ნაკადები გადაეწყობოდა სხვა მიმართულებით, მაგრამ არ დაგვავიწყდეს ერთი რამ, რომ  ეს არის ათასობით სატვირთო მანქანა. არც ერთი დღე, მიუხედავად უდიდესი რისკებისა, ტრანზიტი საქართველოს გავლით არ შეჩერებულა. დღეში ეს არის 1000-ზე მეტი სატვირთო მანქანა, რაც ნიშნავს 2000-ზე მეტ მძღოლს, რომელიც უაღრესად მაღალი რისკის მატარებელი ქვეყნებიდან შემოდიოდა და შტაბმა შეძლო ამ პროცესის მენეჯმენტი ისე, რომ ქვეყანას უბრალოდ ინფექციის განვითარების და აფეთქების რისკი არ შექმნოდა, თუმცა, აქ ვერ გამოვიდა ხარვეზების გარეშე. მოგეხსენებათ ჩვენ რამდენიმე შემთხვევა გვქონდა ქართველი მძღოლების მიერ ინფექციის შემდეგი განვითარების, ბოლო იყო მაგალითად ზუგდიდში. დღეს ეს პრობლემაც მეტ-ნაკლებად მოგვარებულია, მაგრამ დღეს როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მაღალ რისკებზე, ყოველთვის ვამბობთ შემდეგ რამეს, დღეს ქვეყნისთვის ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი არის, ინფექციის ახალი კერების აღმოსაჩენად, ეს არის საკარანტინო ზონა და ეს არის ტრანზიტი. ამიტომ შესაბამის უწყებებს, შტაბს, ეკონომიკის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს მიცემული აქვთ შესაბამისი დავალებები, რომ სატრანზიტო ნაკადების მართვა იყოს ბევრად მარტივი. კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ, როდესაც ვსაუბრობთ სატვირთო გადაზიდვებზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ  6000 ქართველ მძღოლზე არის საუბარი, 6 000 მძღოლი, რომელსაც არც ერთი დღით სამუშაო არ დაუკარგავს, პირიქით, მას სახელმწიფო ეხმარებოდა“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

big_banner
არქივი