logo_geo
კარლო კოპალიანი: ბოკერიასგან და რურუასგან შენიშვნებს ვერ მივიღებ!
- +

20 მარტი. 2017. 21:55



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა „რეპორტიორთან" ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების რეაგირება დროული იყო.


„ხელისუფლების რეაგირება დროული იყო. აღარ იციან, რითი გააკრიტიკონ მთავრობა. პირველ რიგში, მათ ნახეს, რომ ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი აქციის დაშლა და მითუმეტეს, ასეთი აგრესიული აქციის დაშლა, მშვიდობიანად შეიძლება. საზოგადოება პარალელს ავლებს, დაინახა, რომ სულ სხვა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე და ამან უფრო მეტად გააგიჟა ჩვენი ოპონენტები. ნამდვილად ვერ მივიღებ ბოკერიასგან და რურუასგან შენიშვნებს იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებამ რეაგირება დააგვიანა. რა მიზეზებია ეს, როდესაც ჩვენ არ ვიყავით დაზღვეულები, რომ თუ 12 საათზე დაიწყებოდა აღნიშნული ოპერაცია, რამე მსხვერპლი არ მოჰყვებოდა და მერე რურუა და ბოკერია აგებდნენ პასუხს? ქვეყანაში განვითარებულ ყველა მოვლენაზე პასუხს აგებს ხელისუფლება, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას და აქედან გამომდინარე, ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი მიიღო ხელისუფლებამ. არცერთი დამწვარი მანქანა თუ ჩამსხვრეული შუშა არ ღირდა არცერთი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლედ. ჩვენთან ყველაზე ღირებული ადამიანის სიცოცხლეა, განსხვავებით იმისგან, როდესაც მშვიდობიან აქციაზე ადამიანებს ხოცავდნენ და გვამებს მაღაზიების სახურავებზე ყრიდნენ. რამდენიც არ უნდა იყაყანონ, მათ ეს აღარ გამოუვათ.

 

„ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, რომ მთავარი გადაფაროს, ანუ ის, რომ აქციაში მონაწილეობდნენ ამ პარტიის წარმომადგენლები. ამას ადასტურებს მათთან ასოცირებული „თავისუფალი ზონა", მათი პარტიის წევრი, რომელიც შემდეგ გარიცხეს პარტიიდან, რითიც აღიარეს მონაწილეობა ბათუმის აქციაში და ახლა ცდილობენ, დადგან ისეთი შოუ, სადაც დაადანაშაულებენ ხელისუფლებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხელისუფლება მოიქცა აბსოლუტურად სწორად და ამას შედეგებიც ადასტურებს", - განაცხადა კარლო კოპალიანმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი