logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: NATO-სთან და ევროკავშირთან სტრატეგიული თანამშრომლობა წარმოადგენს ჩვენი სამინისტროს განვითარების ერთ-ერთ ქვაკუთხედს
- +

12 ივნისი. 2020. 14:33

 

 

NATO-სთან და ევროკავშირთან სტრატეგიული თანამშრომლობა წარმოადგენს ჩვენი სამინისტროს განვითარების ერთ-ერთ ქვაკუთხედს“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

 

„საქართველო NATO-ს ყველაზე სანდო მოკავშირეა რეგიონში. ჩვენი ჯარისკაცების დიდი დამსახურებაა, რომ საქართველოს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ჩვენ ვაგრძელებთ ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას“, - განაცხადა მინისტრმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, NATO-საქართველოს განახლებულ არსებით პაკეტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

 

„დოკუმენტის ყველა ინიციატივა მიმართულია ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების, NATO-სთან თავსებადობის ამაღლებისა და საქართველოს უსაფრთხოების სექტორის განმტკიცებისაკენ. დოკუმენტი წარმოადგენს ერთ-ერთ მძლავრ პრაქტიკულ მექანიზმს ქვეყნის NATO-ში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება დაუთმო ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში ასოცირების შეთანხმებითა და დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.

 

„საქართველო აგრძელებს ევროკავშირთან თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე ევროკავშირი-საქართველოს უსაფრთხოების მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი