logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილმა წინა ხელისუფლების დროს გამქრალ 260 მილიონზე ისაუბრა
- +

12 ივნისი. 2020. 18:40

 

 

საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა. პარლამენტარ შალვა კიკნაველიძის მიერ წინა ხელისუფლების პერიოდში შესყიდვებთან დაკავშირებით არსებულ დარღვევებზე დასმულ კითხვაზე საპასუხოდ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2012 წლამდე ყველა შესყიდვა გასაიდუმლოებული იყო.

 

მან წინა ხელისუფლების პერიოდში არსებული კორუფციული გარიგებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს მიმართ რამდენიმე ოფშორულ კომპანიას უფიქსირდება 260 მილიონი ლარის დებიტორული დავალიანება.

 

„გადარიცხული არის 30-40-50 მილიონი ოფშორულ კომპანიებში, გაფორმებული არის პრაქტიკულად ფიქტიური ხელშეკრულებები X შეიარაღების შეძენის თაობაზე, არც შეიარაღება არის შემოტანილი და არც ფულია დაბრუნებული. დღემდე 260 მილიონი ლარის დებიტორული დავალიანება ფიქსირდება ჩვენი სამინისტროს მიმართ“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. მისი ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის შესახებ პროკურატურის მიერ გამოთხოვილია ინფორმაცია და მიმდინარეობს გამოძიება. მინისტრმა საიდუმლო ინფორმაციებზე დახურულ და შესაბამის ფორმატში საუბრისთვის მზადყოფნა გამოხატა. ირაკლი ღარიბაშვილმა წელს განხორციელებულ გადაუდებელ შესყიდვებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯამში აღნიშნული გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, შესყიდვების საერთო ჯამური თანხა შეადგენს 1 286 000 ლარს. მან, ასევე ღია შესყიდვების ამსახველი დოკუმენტი გააცნო დეპუტატებს. 

 

 

 

 

big_banner
არქივი