logo_geo
ქართულ-გერმანულ-ფრანგული სამკუთხედის ფარგლებში სამმხრივი კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა
- +

8 ივლისი. 2020. 20:26

 

 

 

 

2020 წლის 8 ივლისს, ვიდეო-კონფერენციის მეშვეობით, გაიმართა სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს შორის. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საფრანგეთის დელეგაციას - ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ფრედერიკ მონდოლონი, ხოლო გერმანულ მხარეს წარმოადგენდა აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საკითხებზე გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი მიჰაელ ზიბერტი.

 

კონსულტაციების ფარგლებში ყურადღება დაეთმო COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას და იმ პრიორიტეტულ საგარეო პოლიტიკურ თემებს, რაშიც საფრანგეთისა და გერმანიის პოზიციები, მხარდაჭერა და ამ ქვეყნებთან კოორდინირებული მუშაობა კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს, განსაკუთრებით კი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

 

საუბრის დასაწყისში გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა საქართველოში COVID-19-ის შეკავების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები შეაფასეს, როგორც ეფექტური და გამჭვირვალე და მიულოცეს ქართულ მხარეს მიღწეული წარმატება. ვახტანგ მახარობლიშვილმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა გერმანულ და ფრანგულ მხარეებს იმ დახმარებისთვის, რომელიც მათ გაუწიეს საქართველოს, როგორც უშუალოდ ვირუსის გავრცელების ეტაპზე წარმოქმნილი საჭიროებების, ისე პანდემიით გამოწვეული გრძელვადიანი შედეგების აღმოსაფხვრელად. მხარეებმა, ასევე, მიმოიხილეს პანდემიის პირობებში ქვეყნებს შორის მიმოსვლის კუთხით არსებული რეგულაციები.

 

მინისტრის პირველმა მოადგილემ კონსულტაციებისას ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, მათ შორის, ივნისის ბოლოს მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე და ახალ საარჩევნო კოდექსზე, რაც მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს.

 

ხაზი გაესვა, რომ საქართველო განაგრძობს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს.  მხარეებმა მიულოცეს გერმანიის წარმომადგენელს 2020 წლის 1 ივლისიდან გერმანიის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარება. მიჰაელ ზიბერტმა გააცნო კოლეგებს თავმჯდომარეობისას გერმანიის პრიორიტეტები და დაგეგმილი ღონისძიებები. თავის მხრივ, ვახტანგ მახარობლიშვილმა, გერმანულ და ფრანგულ მხარეებს გააცნო საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციის პროცესი და თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტები. 

ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველო მიერ ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით გადადგმულ ნაბიჯებზე, რაც ქვეყნის ევროპულ ოჯახთან შემდგომ დაახლოებას ემსახურება. ამ მხრივ, აქცენტი გაკეთდა სექტორული ინტეგრაციის გაღრმავების, ასევე, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თავსებადობის გაზრდის მიმართულებებზე. ნატო-ში ინტეგრაციაზე საუბრისას მინისტრის პირველმა მოადგილემ მიმოიხილა ნატო-საქართველოს განსაკუთრებული თანამშრომლობის აქტიური დინამიკა, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ასპირანტი საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ხაზი გაუსვა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განახლების თაობაზე მოკავშირეებისა და საქართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას. SNGP-ის განახლების პროცესში აუცილებელია გაგრძელდეს მოკავშირეების აქტიური ჩართულობა. ამასთან, მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს მონაწილეობას ნატო-სა და ევროკავშირის ეგიდით სამშვიდობო ოპერაციებში.

 

მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა მხარეებს საფანგეთისა და გერმანიის მხრიდან საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში გაწეული მხარდაჭერისათვის და ხაზი გაუსვა ევროპის ამ ორი ლიდერი სახელმწიფოს მნიშვნელოვან როლს საქართველოს საგარეო მიზნების მიღწევის პროცესში. 

 

კონსულტაციებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო ფოკუსირებული იყო პანდემიის წინააღდეგ ბრძოლაზე, ამ პერიოდშიც გრძელდებოდა უკანონო ქმედებები,  ხელოვნური ბარიერების აღმართვა, ადამიანის უფლებების დარღვევა ოკუპირებულ რეგიონებში და ქვეყნის მასშტაბით დეზინფორმაციის კამპანია. გერმანულ და ფრანგულ მხარეებს ეთხოვათ კვლავაც განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ საქართველოს საკითხს ევროკავშირის და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებულ განხილვებში.

 

საფრანგეთისა და გერმანიის დელეგაციებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურღვეობის, ისე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წარმატებული კურსის მიმართ.

 

 

big_banner
არქივი