logo_geo
სოზარ სუბარი: სიტუაცია კონტროლიდან რომ არ გაგვექცეს, რეგიონებში მკაცრი ზომების მიღება გვიწევს
- +

11 აგვისტო. 2020. 02:12

 

 

მესტიაში დაწყებულია ფართომასშტაბიანი ტესტირება, დღეს 6 ჯგუფი მუშაობდა, ხვალიდან ამ ჯგუფების რაოდენობა გაიზრდება, მაქსიმალურად სწრაფად გვინდა ამოვწუროთ ყველა ის ადამიანი, რომელთანაც შეიძლება რაიმე საეჭვო კონტაქტი არსებობდეს, - ამის შესახებ რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ამ ხნის განმავლობაში კარგი გამოცდილება დაგროვდა, რომელიც დაგვეხმარება გაცილებით სწრაფად გადავლახოთ ეს ვითარება. მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოება ცოტა მოდუნდა, იმან, თუ როგორ ვუმკლავდებით კოვიდს გააჩინა განცდა, რომ თითქოს ვირუსი გაქრა და აღარ არსებობს, ამის გამო პატარ-პატარა კერები ჩნდება. ვითარება კონტროლს ექვემდებარება, სწორედ იმისთვის, რომ სიტუაცია კონტროლიდან არ გაგვექცეს ამიტომ ხდება რეგიონების მიხედვით მკაცრი ზომების მიღება, იმედი გვაქვს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტს ეს ვითარება არ გასცდება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში, დამატებითი შეზღუდვები წესდება. დეტალებს გაეცანით აქ.

 

დღეს, კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 250 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 010-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 068 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 242.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი