logo_geo
მამუკა მდინარაძე „პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო ბანერთან დაკავშირებით: ეს არის რუსული პროვოკაცია და რუსული დაკვეთა
- +

29 აგვისტო. 2020. 21:47

 

„წარმოუდგენელია, ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა შეფასება მივცეთ იმას, რაც მათ ბანერზე გამოაკრეს - ეს არის რუსული პროვოკაცია და რუსული დაკვეთა, რომელსაც, სამწუხაროდ,  ისინი ასრულებენ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აჭარაში განთავსებულ „პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო ბანერთან დაკავშირებით.

 

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც მუნიციპალურმა სამსახურმა  გადაწყვეტილება მიიღო და  ბანერების ჩამოხსნა დაიწყო, ოპოზიციური პარტიები პოპულისტურად ერთმანეთს ასწრებდნენ ერთ-ერთი ბანერის ჩამოხსნას.

 

„როგორც ვიცი, „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ 3 ასეთი ბანერია ბათუმში გამოკრული. მეორე ბანერის ჩამოხსნის დროს,  მესამე ბანერის ჩამოსახსნელად ერთმანეთს ასწრებენ პოპულისტურად ოპოზიციური პარტიები. მარათონი აქვთ,  რომელი მიასწრებს ბანერთან, რომ თითქოს ისინი არიან ყველაზე მაგარი პატრიოტები და ჩამოხსნეს. რა თქმა უნდა, გულწრფელადაც შეიძლება ვინმეს გაუჩნდა ღია პროტესტი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, თუ იმ პარტიებმა მიასწრეს იმ ბანერთან ჩამოსახსნელად, რომლებიც აშკარად არა, მაგრამ  მათი ფარული საქციელებით და მოქმედებებით კიდევ უფრო მყარად უჭერენ მხარს რუსულ საქმეს, ეს კიდევ უფრო ამაზრზენი იქნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი შინაარსის ბანერები ჩამოიხსნება და მსგავს მესიჯებსაც ყოველთვის საკადრისი პასუხი გაეცემა.​

 

 

 

big_banner
არქივი