logo_geo
გიორგი გახარია: ადამიანი იყო და ყოველთვის იქნება „ქართული ოცნების“ ყურადღების ცენტრში
- +

3 სექტემბერი. 2020. 22:28

 

 

“სულ ახლახანს გახდა ცნობილი, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე, რომელიც პირველად ჩატარდა ფიზიკურად, ამ გლობალური პანდემიის შემდგომ, 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია, საქართველოში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილების მხარდამჭერი, უპრეცედენტო, 84 ხმით გავიდა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაზა დუგლაძის წარდგენაზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა ფაქტი ქართული დიპლომატიის გამარჯვებად და იმის დასტურად შეაფასა, რომ საქართველოს აქვს გლობალურად, სამართლიანი საერთაშორისო მხარდაჭერა იმ მიმართულებით, რომ ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღადგინოს.

 

„მოგესალმებით ხაშურელებო და არა მხოლოდ ხაშურელებო, ბევრ ნაცნობ სახეს ვხედავ, ჩვენი გუნდისა და ჩვენი კანდიდატის გულშემატკივრებს. დღეს ხაშურში სიმბოლურია, რომ დიმიტრი ყიფიანის განახლებულ სახლ-მუზეუმში ვიმყოფებით. ეს დიდი პატივია და დიდი წარსულია, რომელსაც გაფრთხილება და ღირსეული გაგრძელება სჭირდება.

 

დღეს ხაშურში ვართ, ქართლში ვართ და არ შეიძლება, არ გავიხსენოთ ოკუპაცია. არ შეიძლება, არ გავიხსენოთ, რომ დღეს ქვეყანაში გვყავს სამშობლოში დევნილი ათობით ათასი ადამიანი და განსაკუთრებით დღეს უნდა გავიხსენოთ ეს, რადგან სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე, რომელიც პირველად ჩატარდა ფიზიკურად, ამ გლობალური პანდემიის შემდგომ, 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია, საქართველოში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილების მხარდამჭერი, უპრეცედენტო, 84 ხმით გავიდა. ეს ნიშნავს ჩვენი დიპლომატიის გამარჯვებას და ადასტურებს, რომ ჩვენ გლობალურად საერთაშორისო მხარდაჭერა გვაქვს სამართლიანი იმ მიმართულებით, რომ ჩვენ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღვადგინოთ“, – განაცხადა პრემიერმა.

 

გიორგი გახარიამ სიტყვით გამოსვლისას რუსულ ოკუპაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის გამოწვევა, რომელიც ქვეყნის განვითარებას აფერხებს, არა მხოლოდ დროში, არამედ სხვადასხვა მიმართულებით და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს დავძლიოთ.

 

ამასთან, მთავრობის მეთაურმა ყურადღება იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს და ასევე, უახლოეს მომავალში განხორციელდება.

 

„ჩვენ, როდესაც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ეკონომიკაზე და სოფლის მეურნეობაზე ვსაუბრობთ საქართველოში და განსაკუთრებით ქართლში, ყოველთვის გვახსოვს ჩვენი დევნილები და ყოველთვის გვახსოვს ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის მიღმა. ჩვენ, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ რუსული ოკუპაცია არის ის გამოწვევა, რომელიც ქვეყნის განვითარებას აფერხებს, არა მხოლოდ დროში, ქვეყნის განვითარებას აფერხებს სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს დავძლიოთ. ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში სისტემური ინფრასტრუქტურა გასაახლებელია და სახელმწიფო მილიარდობით ლარს ხარჯავს, რათა ჩვენ ეს პრობლემა მოვაგვაროთ. მიუხედავად პანდემიისა, მინდა, გითხრათ, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა ქვეყანაში ერთი დღით არ შეჩერებულა და რისი შედეგიც გახლავთ ის, რომ უპრეცენდენტო რაოდენობის, 70 კილომეტრი საერთაშორისო მაგისტრალური გზა წელს შევა მწყობრში, რაც რა თქმა უნდა, მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება დავიცვათ, მათი კომფორტი შევქმნათ და რა თქმა უნდა, ქალაქების ნორმალურ განვითარებას შევუწყოთ ხელი.

 

ასევე, მინდა, გითხრათ და ერთგვარად, ბოდიშიც მოვიხადოთ ხაშურელების წინაშე, რომ გაგვიგრძელდა წყალმომარაგების პრობლემის მოგვარება. ეს პრობლემები წლებია, დგას, მაგრამ გპირდებით, რომ ეს უახლოეს პერიოდში დაიწყება და სრულიად რეაბილიტირებული იქნება ხაშურის, როგორც წყალმომარაგების, ასევე წყალარინების სისტემა და შეიქმნება გამწმენდი ნაგებობა, რომელიც ნორმალურ, თანამედროვე ქალაქს შეეფერება.

 

ყველამ იცით, რომ მიმდინარეობს სტადიონის რეკონსტრუქცია, პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა, რომელიც მომავალ წელს დასრულდება. რა თქმა უნდა, ბანას სამონასტრო კომპლექსი, რომელიც დღეს ჩვენ ვნახეთ, არის გვირგვინი, რომელიც ხაშურს ადგას თავზე, რომელიც აქ შექმნის ძლიერ საგანმანათლებლო ცენტრს და მისცემს შესაძლებლობას რეგიონს, შეასრულოს ის, რაც კახიმაც თქვა, ეს არის საქართველოს შუაგული. რა თქმა უნდა, ეს გზაჯვარედინი, რომელიც აქ არის, ამას ისტორიული დატვირთვაც აქვს და რეალური დატვირთვაც აქვს, არა მხოლოდ ეკონომიკისთვის, არამედ კულტურულიც, მათ შორის.

 

ყველას კარგად გვახსოვს ხაშურის ინდუსტრიული ფუნქციაც და ყველამ უნდა ვიშრომოთ, რათა აღვადგინოთ. ხაშურის სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებლობა. ეს ის მუნიციპალიტეტია, რომელმაც ინდუსტრიული პროდუქტებით, სოფლის მეურნეობის პროდუქტებით, რა თქმა უნდა, თბილისი უნდა მოამარაგოს, პირველ რიგში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მთავრობის მეთაურმა იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელსაც სახელმწიფო მოქალაქეების მხარდასაჭერად ახორციელებს, მათ შორის, გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა პროგრამებზე – „აწარმოე საქართველოში“ და „სახელმწიფო – შენი პარტნიორი“.

 

მისივე თქმით, ადამიანი იყო და ყოველთვის იქნება „ქართული ოცნების“ ყურადღების ცენტრში.

 

„ის პროგრამები, რომლებსაც ჩვენ დღეს ვახორციელებთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, უნდა გავაგრძელოთ. „აწარმოე საქართველოს“ ბენეფიციარი კიდევ უფრო მეტი უნდა იყოს ხაშურში. ჩვენ დავნერგეთ სიახლე. „აწარმოე საქართველოში“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბევრ კარგ პროგრამას ქმნიან, რათა ახალგაზრდებს და არა მხოლოდ ახალგაზრდებს, რომლებსაც შეუძლიათ, საკუთარ თავზე აიღონ ინიციატივა, რისკი, დაიწყონ ბიზნესი, გახდნენ ფერმერები, მიეხმაროს. ამისთვის გვჭირდებოდა თბილისში ჩასვლა და სხვადასხვა სამინისტროში სიარული. დღეს ჩვენ გავაკეთეთ პროგრამა – „სახელმწიფო შენი პარტნიორი“ და ეს ყველაფერი იქნება თქვენთან, აქ, ქალაქში და მთლიანად გაიშლება გეოგრაფიულად საქართველოში. ადამიანს შეეძლება, მივიდეს საზოგადოებრივ ცენტრში და იუსტიციის სახლში და მიიღოს სრული ინფორმაცია იმ დონემდე, რომ კონტრაქტიც კი გააფორმოს ამ პროგრამაში მონაწილეობისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდობა. ხაშურში მიმდინარეობს სკოლების რეაბილიტაცია, თუმცა ეს საკმარისი არ არის. არ უნდა იყოს არანაირი სხვაობა ხაშურში, თელავში, ზუგდიდში, თბილისში, ბათუმში, საქართველოს ყველა მოქალაქე თანაბარი მაღალი ხარისხის განათლებას უნდა იღებდეს. ეს არის ის ამოცანა, რომელიც გვიბიძგებს მაღალი მიზნისკენ და რამაც უნდა შეგვასრულებინოს ჩვენი ძირითადი მოწოდება – ადამიანი. ადამიანი იყო და ყოველთვის იქნება „ქართული ოცნების“ ყურადღების ცენტრში“, – განაცხადა პრემიერმა.

 

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ყველა მიმართულებით – ეკონომიკის, თავისუფლების, ღირსების მიმართულებით, ის წარმატება, რომელსაც მივაღწევთ, რათა შევქმნათ კეთილსინდისიერი, ეკონომიკურად ძლიერი ევროპული სახელმწიფო, აუცილებლად უნდა გავუნაწილოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს მაშინ, როდესაც ვიცხოვრებთ ერთიან, მთლიან სახელმწიფოში.

 

„ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ და რაც ერთად უნდა გავაკეთოთ, ეს არის ჩვენი შემდგომი ოთხი წლის სამოქმედო გეგმა. ყველა მიმართულებით – ეკონომიკის, თავისუფლების მიმართულებით, ის წარმატება, რომელსაც მივაღწევთ, რათა შევქმნათ ეკონომიკურად ძლიერი ევროპული სახელმწიფო, ჩვენ აუცილებლად უნდა გავუნაწილოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს მაშინ, როდესაც ვიცხოვრებთ ერთიან, მთლიან სახელმწიფოში. ჩვენ ამას უნდა მივაღწიოთ შრომით და უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი წარმატება ადრე თუ გვიან იქნება მათი წარმატებაც. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ადამიანის ღირსება და კეთილდღეობა იქნება ცენტრში, რომელიც მიმზიდველს გახდის მათთვის ერთიან სახელმწიფოს. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ წარმოადგენს ხაშურს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და ზაზა დუგლაძე არის ღირსეული ადამიანი, ამ კუთხის შვილი, რომელიც დარწმუნებული ვარ, იქნება ხაშურელების ღირსეული და ეფექტური ხმა საქართველოს პარლამენტში. მინდა, მას წარმატება ვუსურვო და მინდა, ყველანი შევთანხმდეთ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში. გამარჯვებას გისურვებთ!“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

big_banner
არქივი