logo_geo
რა გზა გაიარა საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციამდე
- +

28 მარტი. 2017. 00:40



ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პერსპექტივა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივის საფუძველზე განისაზღვრა და უკანასკნელი წლების მანძილზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად იქცა.


საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო დიალოგი 2012 წელს გაიხსნა, რასაც წინ უსწრებდა საქართველო-ევროკავშირს შორის შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივება და რეადმისიის შესახებ შეთანხმების წარმატებული იმპლემენტაცია (2011 წლის 1 მარტიდან).


2013 წლის თებერვალში საქართველოს მხარეს გადმოეცა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რომლის მოთხოვნების შესრულებაც უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების მთავარ წინაპირობას წარმოადგენდა. სამოქმედო გეგმამ რეფორმების განხორციელების ქმედითი ინსტრუმენტის ფუნქცია შეასრულა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ჩარჩოს ჩამოყალიბებაში.


სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა მასშტაბური რეფორმები, რაც მოიცავდა დაახლოებით 15 სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის დოკუმენტების უსაფრთხოების, საზღვრის მართვისა და მიგრაციის, ასევე დანაშაულთან ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროებს.


საერთო ჯამში, სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად მიღებულ იქნა 130-ზე მეტი საკანონმდებლო აქტი, დამტკიცდა 8 ეროვნული სტრატეგია და რატიფიცირება გაუკეთდა 7 საერთაშორისო კონვენციას. შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეულები, დაინერგა ახალი სერვისები, შემუშავდა ახალი მექანიზმები.


სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში განხორციელებული რეფორმებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: დოკუმენტების უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დამკვიდრება; მიგრაციის მართვის პოლიტიკისა და საზღვრის მართვის სისტემის მოდერნიზაცია - სისტემური რეფორმები იმიგრაციისა და ემიგრაციის ეფექტური კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით; პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მიღება და ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღება; დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიღება და მისი იმპლემენტაცია; ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება და იმპლემენტაცია; საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის მიღება; შრომის ინსპექციის დეპარტამენტის შექმნა; საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების სისტემატური კონტროლის მექანიზმის შემოღება და სხვა.


სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესს მონიტორინგს უწევდა ევროკომისია ექსპერტთა შემფასებელი მისიების ვიზიტების განხორციელების გზით და პერიოდულად ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს წარუდგენდა ანგარიშს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის თაობაზე; (22 მისია და 4 ანგარიში).


2015 წლის 18 დეკემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ რიგით მე-4 საბოლოო ანგარიში, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველომ ყველა შესაბამისი მოთხოვნა ზედმიწევნით შეასრულა.


2016 წლის 9 მარტს ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო წინადადება საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის/ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღების შესახებ.


5 სექტემბერს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტმა (LIBE) მხარი დაუჭირა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას.


13 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს, ევროპარლამენტსა და ევროკომისიას შორის შეთანხმდა რეგულაციის საბოლოო ტექტსტი, რომელიც 20 დეკემბერს დაამტკიცა ევროკავშირში მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა, ხოლო 2017 წლის 12 იანვარს ევროპარლამენტის LIBE კომიტეტმა.


2 თებერვალს საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხს კენჭი ეყარა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე. შემდგომი პროცედურის თანახმად კი, თებერვლის ბოლოს განახლებული რეგულაცია დაამტკიცა ევროკავშირის საბჭომ.


ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ ცვლილებების ფორმალური ხელმოწერის შემდეგ, რეგულაცია გამოქვეყნდა ოფიციალურ ჟურნალში და საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი 28 მარტიდან ამოქმედდა შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი