logo_geo
არჩევნებზე პირბადის მოხსნას ორჯერ შეძლებთ - ცესკო-ს დადგენილება
- +

16 ოქტომბერი. 2020. 20:01

 

 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვას ეხება. წესების მიხედვით, უბანზე მყოფი ამომრჩეველი პირბადეს სულ 2-ჯერ იხსნის. პირველ შემთხვევაში შესვლის დროს, რიგის მომწესრიგებელთან და მეორე შემთხვევაში რეგისტრატორთან.

 

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ანა მიქელაძე განმარტავს, თუ რა რეგულაციების დაცვა მოუწევთ ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებთან.

 

 

„ამომრჩეველი არჩევნების დღეს არ გაივლი თერმოსკრინინგს, თუმცა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები და არჩევნებში ჩართული სხვა პირები, რომლებსაც აქვთ უფლება, იმყოფებოდნენ საარჩევნო უბანზე. უბანზე შესვლის წინ ჩაიტარებენ თერმოსკრინინგს. ამომრჩეველს უნდა ეკეთოს პირბადე. პირბადის გარეშე ის საარჩევნო უბანზე არ დაიშვება. იქნება დეზობარიერი და ამომრჩეველი გაივლის ამ დეზობარიერს, ასევე იქნება განთავსებული ხელების დეზინფექციისათვის სპეციალური საშუალებები. გარდა ამისა, თითოეულ საარჩევნო უბანზე იქნება გამოკრული ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები იქნებიან აღჭურვილები, რა თქმა უნდა პირბადით, სპეციალური დამცავი ფარებითა და ერთჯერადი ხელთათმანებით. არჩევნების დღეს მოხდება არჩევნებში ჩართული მხარეების უფლებამოსილი პირების თერმოსკრინინგი საუბნო საარჩევნო კომისიაში შესვლამდე. რა თქმა უნდა თერმოსკრინინგი არ შეეხება ამომრჩევლებს," - განაცხადა ანა მიქელაძემ.

 

 

ცესკო-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, ქვეყანაში 3 558 291 ხმის მიცემის უფლების მქონე პირია.

 

 

ცესკო-ს ინფორმაციით, ეს ბაზა დამუშავდება და უახლოეს მომავალში, 2020 წლის არჩევნებისთვის, ამომრჩეველთა საბოლოო რაოდენობაც ცნობილი გახდება. სწორედ მონაცემების დამუშავების შემდეგ გაასაჯაროებს ცესკო ამომრჩეველთა განახლებულ სიას და მას პარტიებს, საინიციატივო ჯგუფებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა გადასცემს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი