logo_geo
ცესკო: სოციალურ ქსელში შექმნილია დაფინანსებული გვერდი, რომელიც დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს
- +

4 ნოემბერი. 2020. 14:52

 

ცენტრალურ საარჩევნო კომისია ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კონკრეტული შემაჯამებელი ოქმები გაყალბებულია.

 

როგორც  ცესკო-ს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი კალანდარიშვილი აცხადებს,  სოციალურ ქსელში შექმნილია დაფინანსებული გვერდი - „გაყალბებული ოქმები“, რომელიც დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს.

 

„სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებენ მომხმარებლები დ ამტკიცებენ, რომ კონკრეტულ შემაჯამებელი ოქმები გაყალბებულია, რადგან არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არ ემთხვევა მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობას.

 

სინამდვილეში, ეს განსხვავება ძალიან მარტივად აიხსნება. მაგალითისთვის, 22.58.68 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი საარჩევნო უბანია და სპეციალურ სიაში მყოფ ყველა ამომრჩეველს, კანონმდებლობით არ აქვს შესაძლებლობა, აირჩიოს მაჟორიტარი, თუ ის ამ მაჟორიტარული ოლქის რეგისტრირებული ამომრჩეველი არ არის. შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა ვერ დაემთხვევა მაჟორიტარი კანდიდატებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობას და ბათილი ბიულეტენების ჯამს.

 

აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერს აქვს კამპანიური ხასიათი, რისი ნათელი მაგალითიც არის სოციალურ ქსელში შექმნილი გვერდი - „გაყალბებული ოქმები“. ოქმებში არსებულ უზუსტობებთან დაკავშირებით შემოსული განცხადება საჩივრების საფუძველზე, საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს შესწავლა და მოკვლევა და ყველა იმ შემთხვევაში, სადაც დადგინდება რაიმე სახის უზუსტობა, შემაჯამებელ ოქმებთან მიმართებაში, ყველა კონკრეტულ საკითხზე საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოხდება სამართლებრივი რეაგირება“, - აცხადებს ცესკო-ს წარმომადგენელი.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი