logo_geo
სალომე ზურაბიშვილი მარგველაშვილს: სამწუხაროდ, პრეზიდენტის სიმბოლოს ვერ გაუფრთხილდით!
- +

7 აპრილი. 2017. 15:52


 

პარლამენტის წევრმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტს მიმართა და განაცხადა, რომ ქვეყნის პირველი პირი პრეზიდენტის სიმბოლოს ვერ გაუფრთხილდა.

 

„ბატონო პრეზიდენტო, მეც თქვენსავით მჯერა, რომ ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ძლიერი ლეგიტიმურობის მატარებელია, რომ ამითი ის იმსახურებს სხვა ხარისხის ნდობას, ვიდრე ერთი ან მეორე უმრავლესობის მიერ არჩეულისა და შესაძლებლობა ეძლევა, რომ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ითამაშოს შემწყნარებელი, გამაერთიანებელი როლი და გახდეს სახელმწიფოს ერთიანობის, უწყვეტობისა და სუვერენობის სიმბოლო. ასეთი პატარა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ საგარეო სფეროში პრემიერთან და საგარეო მინისტრთან ერთად საშუალება გვქონდეს, რომ ძლიერი მოთამაშე პრეზიდენტის დონეზე გამოვიყვანოთ ასპარეზზე და ამითი გავზარდოთ ჩვენი ცნობადობა საზღვარგარეთ. პრეზიდენტის სიმბოლო ქვეყანაში, რომელსაც გააჩნია 1000-წლოვანი მონარქიის ტრადიცია, ალბათ, გულთანაც ახლოს არის ბევრისთვის და შესაძლოა მომავლის ნიშანიც კი. სამწუხაროდ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ამ სიმბოლოს არ ან ვერ გაუფრთხილდით ისე, როგორც სასურველი იქნებოდა. სამწუხაროდ, ის მრავალთავიანი საგარეო წარმომადგენლობა მსოფლიო მოედანზე გადააქციეთ საარცხვინო შეჯიბრად და ქიშპობის საგნად. სამწუხაროდ, გაერთიანების და მიუკერძოებლობის სიმბოლოს მაგივრად, თქვენ იქეცით საზოგადოების ერთი ნაწილის პოზიციების გამხმოვანებლად და დღესაც, ალბათ ვნახავთ თქვენსა და ერთი ფლანგის პოზიციას შორის დიდ მსგავსებას. თქვენ გადახვედით სახელმწიფო მოღვაწეობიდან პოლიტიკურ არენაში. სამწუხაროდ, პირველივე დღიდან, როცა ამ ადგილზე თქვენივე დანიშვნა შეირგეთ, მაშინვე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეთ პრეზიდენტის არჩევითობის პრინციპი. სამწუხაროდ, როცა შეწყალების დროს თქვენი ახლობლების მიმართ უფრო ლმობიერებას იჩენთ, ვიდრე უპატრონო მოქალაქეების მიმართ, თქვენივე მორალურ ავტორიტეტს აქვეითებთ. სამწუხაროდ, ვეტოთი „ვხმალაობთ" იმის მაგივრად, რომ ეს ბერკეტი გამოიყენოთ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ნამდვილად დემოკრატიული ან სახელმწიფოებრივი პრინციპი ირღვევა ან საფრთხის ქვეშ დგება. იმის მაგივრად, რომ მიგეჩვიათ საზოგადოება აზრთა სხვაობას, ჯანმრთელ დისკუსიას და მათი ურთიერთაზრების პატივისცემას, დაპირისპირებისა და დაძაბვის მაგალითს აძლევთ და ამით თქვენს გამაერთიანებელ და შემწყნარებელ როლს აკნინებთ. სამწუხაროდ, თქვენ ვერ შეიგნეთ, რომ მართლაც ყველა ქართველის პრეზიდენტი უნდა ყოფილიყავით. დღემდე ველოდები თქვენს მიერ გამოთქმულ პოზიციას უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეთა მიმართ, მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ძალიან ადვილად შეეგუეთ, ამ დროს, არ გიფიქრიათ, რომ ეს პრინციპი არის დისკრიმინაციული, არაევროპული, ჩვენს მოქალაქეებს სახელმწიფოსთან მჭიდრო ცხოვრების სურვილს უკარგავს. უკარგავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებს საშუალებას, რომ დღეს ევროპის ვიზებით ისარგებლონ. საერთოდ, რომ ეს არის პატარა ქვეყნისთვის უგუნური და წინდაუხედავი გულგრილობა. დღევანდელ სიტყვაში არათუ მოქალაქეობის საკითხზე, რომელიც საკონსტიტუციო დისკუსიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, საერთოდ არაფერი გითქვამთ უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების ბედზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის  ¼-ს შეადგენენ, მეტს თუ არა. სამწუხაროდ, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე ახალი სიტყვა ვერ თქვით, როცა რაც დროს გადის, ჩვენს საწინააღმდეგოდ ვითარდება სიტუაცია და ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს სჭირდება მეტი ახალი სიტყვა და სტრატეგიული ხედვა, ერთიანი ფიქრი და აქტიურობა. სწორედ ამ საკითხის მოგვარებაში გვჭირდება პრეზიდენტის მეტი ძალა და მეტი ერთგულება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  


 

big_banner
არქივი