logo_geo
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია მიდის რადიკალიზაციისკენ და ყველაფერს აკეთებს, რომ ნიკა მელია ციხეში ჩაჯდეს
- +

17 თებერვალი. 2021. 17:11

 

 

„კარლ ჰარცელის მხრიდან ძალიან ბუნებრივი და გულწრფელი პასუხია, როცა ოპოზიცია მიდის რადიკალიზაციისკენ და ყველაფერს აკეთებს, რომ ნიკა მელია ციხეში ჩაჯდეს“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

 

მდინარაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ნიკა მელიას საქმით ცდილობენ, საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვიონ.

 

„მათი ბოლო მცდელობაა, რომ საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვიონ, თუმცა ეს შეუძლებელია ერთი მთავარი მიზეზის გამო – თავად მასზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილება და როგორ იქნება. თუ ნიკა მელია კანონის ჩარჩოებში ჩაჯდება, როგორც წინა შემთხვევაში, როცა მან გირაოც გადაიხადა, სამაჯურიც გაიკეთა... მასზეა დამოკიდებული აღკვეთის ღონისძიების დამძიმება-არდამძიმების საკითხი. ამის საპირისპიროს აკეთებს. შესაბამისად, ეს გაზრდის პოლარიზაციის ხარისხსაც და ქვეყნისთვის რადიკალიზაციის ხარისხსაც გააძლიერებს.

 

ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა მათ ჰქონოდათ ლეგიტიმური საბაბი, მათ შორის თავიანთ ამომრჩევლებთან, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დამსხდარიყვნენ ისე, მიზანი შედეგი ყოფილიყო. რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაც კი შევთავაზეთ, ოღონდ იმ მარტივი და ყველაზე მართალი დათქმით, რომ ერთპროცენტიანი გადახრის შემთხვევაში, თუ ასეთს აღმოაჩენდნენ.

 

ვიცით, ჩვენი ევროპელი კოლეგები რას გვეუბნებიან, რომ ოპოზიციის მოქმედება არის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა, აქ უკვე ყველაფერი ნათელია, დასკვნებიც გამოტანაც მარტივია. ხელისუფლებამ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის რაციონალური პირობაც კი დადო, ამაზე არ წამოყოლა ნიშნავდა, რომ მათ სჭირდებოდათ მიზეზი და საბაბი, რამენაირად ქაოტური სიტუაცია შეექმნათ. არც ეს გამოუვათ, რადგან კანონის დამოურჩილებლობა რომ გახდეს სახალხო მღელვარების საბაბი, მაშინ ჩვენ რაციონალურად ვერ გვიფიქრია. „ნაცმოძრაობას“ და მის კლასტერს ძალიან დაბალი წარმოდგენა ჰქონია ქართულ საზოგადოებაზე, რაც ასე არ არის“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ „შიშობს, ნიკა მელიას საქმეს დიდი გავლენა ექნება პოლიტიკურ ლანდშაფტზე და შეუძლებელი იქნება საერთო გადაწყვეტის მოძებნა“.

 

ამასთან, ჰარცელის შეფასებით, სასამართლოსადმი უპატივცემულობა და პოლარიზაციის მაღალი ხარისხი დემოკრატიისთვის საფრთხეს შეიცავს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი