logo_geo
შალვა პაპუაშვილი: სენატში მოსმენის ძირითადი პათოსი იყო, რომ ყველა უნდა გამოვიდეს ვიწროპარტიული ინტერესიდან და საქართველოზე იფიქრონ
- +

24 მარტი. 2021. 15:54

 

„ჩვენ ფასილიტაციიდან გამოვიტანეთ საარჩევნო რეფორმა, რომელიც ინიცირებულია. მედიაციის პროცესიდანაც „ქართული ოცნება“ საქართველოსთვის საუკეთესო გადაწყვეტილებებს გამოიტანს, მიუხედავად იმისა, შეთანხმება მოხდება, თუ არა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ოპონენტები კი დისკუსიაში მათ მონაწილეობას ასაღებენ კომპრომისად.

 

„ვიზიარებთ, რომ ეს არის მთლიანად პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების გადასაწყვეტი საკითხი. სწორედ ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვართ მედიაციის და ვიყავით ფასილიტაციის მონაწილეები.

 

„ქართული ოცნება“ რომ ამას პასუხისმგებლობით უდგება, აჩვენებს ის, რომ ფასილიტაციიდან ჩვენ გამოვიტანეთ საარჩევნო რეფორმა, რომელიც ინიცირებულია. ნახავთ, რომ მედიაციის პროცესიდანაც „ქართული ოცნება“ საქართველოსთვის საუკეთესო გადაწყვეტილებებს გამოიტანს, მიუხედავად იმისა, შეთანხმება მოხდება თუ არა. ჩვენი ოპონენტებისგან რა გვესმის, მათი პასუხისმგებლობა რაში მდგომარეობს, რომ ისინი იმ ფაქტს, რომ დისკუსიაში მონაწილეობენ, გვასაღებენ, თითქოსდა ეს მათი კომპრომისია.

 

სწორედ ამას გაუსვეს ხაზი გუშინ სენატში. თქვეს, რომ ამ საკითხს ყველა პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს, გამოვიდნენ ვიწროპარტიული ინტერესიდან და საქართველოზე იფიქრონ. ეს იყო სენატში გუშინდელი მოსმენის ძირითადი პათოსი. რამდენიმე საკითხს პირდაპირ ხაზი გაუსვეს. ის, რომ ნიკა მელიამ კანონი დაარღვია და სწორედ ამის შედეგია წინასწარი პატიმრობის შეფარდება. პირდაპირ განაცხადეს, რომ ამერიკის სენატი იზიარებს ეუთო/ოდირის დასკვნას, რაც შეეხება არჩევნების კონკურენტულობას და დაცულ ფუნდამენტურ უფლებებს. ხაზი გაუსვეს, რომ „ქართული ოცნება“ 2012 წლიდან ევროპულ და დასავლურ კურსს მყარად ადგას. მათ შორის ხაზი გაუსვეს პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის როლს იმაში, რომ „ქართული ოცნება“ დგას სწორედ დასავლურ, ევროპული ინტეგრაციის და ნატო-სთან ინტეგრაციის გზაზე. ასევე თქვეს, რომ პარლამენტში ცარიელი სკამები არის ის საქმე, რომელიც რუსეთს აწყობს. ის, რომ ნიკა მელია არ იხდის გირაოს და არ გამოდის საპატიმროდან, ამით ნამდვილად რუსეთის საქმეს აკეთებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

https://1tv.ge/news/shalva-papuashvili-senatshi-mosmenis-dziritadi-patosi-iyo-rom-yvela-unda-gamovides-viwropartiuli-interesidan-da-saqartveloze-ifiqron/

 

big_banner
არქივი