logo_geo
ვახტანგ გომელაური: საჯარო ინფორმაციის გაცემა კანონის ფარგლებში დადგენილი წესით ხორციელდება
- +

19 აპრილი. 2017. 15:23



სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში სუს-ის მიერ გაწეული საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან. როგორც გომელაურმა აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში ინსპექტორის მიერ განხორციელდა სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის გეგმიური ინსპექტირება.

 

„სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერებაში გადამწყვეტია ფაქტებისა და გარემოებების ადეკვატური შეფასება, მოვლენების განვითარების სწორი ანალიზი და პროგნოზირება. ამ მიზნით, სამსახურის ანალიტიკური გუნდი ახორციელებს ოპერატიული დანაყოფების მიერ მოპოვებული ინფორმაციის სისტემატიზაციას, საფრთხეების პროგნოზირებასა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან და ატარებდა ყველა შესაბამის ღონისძიებას კონტროლის ეფექტიანად განხორციელებისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად. საანგარიშო პერიოდში ინსპექტორის მიერ განხორციელდა სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის გეგმიური ინსპექტირება. შემოწმების დასრულების შემდეგ ინსპექტორის მიერ შემუშავებული შესაბამისი შენიშვნები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნა უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფის მიერ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სამართლებრივი ბაზის სრულყოფას. 2016 წლის განმავლობაში აქტიურად გრძელდებოდა ახალი სამართლებრივი აქტების შემუშავების პროცესი, რომელიც დაკავშირებული იყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სრულყოფილ ფუნქციონირებასთან", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.


მისივე თქმით, 2016 წლის განმავლობაში ხელი მოეწერა სხვადასხვა ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებთან უწყებათაშორისი თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას.


„კანონის ფარგლებში დადგენილი წესით ხორციელდება საჯარო ინფორმაციის გაცემა. ჩვენს საქმიანობაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება თანამშრომლების პროფესიონალიზმსა და კომპეტენციას. სამსახურის მხრიდან უზრუნველყოფილია დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობა ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური და გენდერული თვალსაზრისით. ჩვენს წინაშე მდგარი ამოცანების ჯეროვანი შესრულებისთვის საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა სამსახურის თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა და მატერიალური უზრუნველყოფა, რაც მომავალშიც გაგრძელდება", - აღნიშნა გომელაურმა.




 

big_banner
არქივი