logo_geo
რევაზ არველაძე: „დარიალ ჰესი“ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტოსადგურია!
- +

19 აპრილი. 2017. 18:43


 

„ეს ყველაფერი ვერ გახორციელდებოდა ასეთ ვადებში და ასეთი ხარისხით, რომ არა  საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის თანადგომა და აქტიური მხარდაჭერა", -  განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ პარლამენტში სუს-ის მიერ გაწეული საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენამდე გამართულ სხდომაზე.


„ათიოდე დღის წინ გავრცელებული სასიხარულო მოვლენის შესახებ მინდა მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია, საქმე ეხება 8 აპრილს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგურის „დარიალ ჰესის" ამოქმედებას.  ჰესის სიმძლავრე 108 მგვტ-ია, ხოლო  მისი წლიური გამომუშავება 500 მლნ კვტ/სთ-ს აჭარბებს, რაც მთლიანად საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის 5%-ია. ეს დაახლოებით იმდენია, რასაც მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონები ერთობლივად მოიხმარენ წელიწადში. ცხადია, ჰესი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მომხმარებლების ელექტროენერგიით უზრუნველყოფაში. „დარიალ ჰესის" აშენებაში ერთობლივი მონაწილეობა მიიღეს ქართულმა და ამერიკულმა კომპანიებმა. ჰესი EBRD-ის მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერით აშენდა. შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებელ საქართველოში აშენებულ და მშენებარე ენერგეტიკულ ობიექტებს შორის „დარიალ ჰესი" ენერგოეკონომიკურად ყველაზე ეფექტურია. მისი მშენებლობა მხოლოდ და მხოლოდ 123 მლნ დოლარი დაჯდა. ჰესის მუშაობის შედეგად საქართველო ზამთრის პერიოდში დაახლოებით 200 მილიონ კვტ/სთ-ს მიიღებს, რაც 10 მილიონ დოლარზე მეტად შეამცირებს იმპორტით შესაძენი ელექტროენერგიის ხარჯებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, რომ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ორას ჰექტრამდე ტყის გაშენება, ძალზედ მნიშვნელოვანია ისიც, რომ „დარიალ ჰესის" ექსპლუატაციაში შესვლით ადგილობრივი ბიუჯეტი ყოველწლიურად მხოლოდ ქონების გადასახადის სახით, 2 მილიონ ლარზე მეტს მიიღებს და მუდმივად დასაქმებული იქნება 80-მდე ადგილობრივი მოსახლე. ეს ყველაფერი ვერ გახორციელდებოდა ასეთ ვადებში და ასეთი ხარისხით, რომ არა  საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის თანადგომა და აქტიური მხარდაჭერა", - აღნიშნა რევაზ არველაძემ.

 


 

big_banner
არქივი