logo_geo
ნიკოლოზ მჟავანაძე: სრულიად უპასუხისმგებლო, არასახელმწიფოებრივი და დაუსაბუთებელი განცხადებები ისმის!
- +

2 ივნისი. 2017. 18:35



„ვფიქრობ, რომ ის განცხადებები, რასაც ახლა არასამთავრობო ორგანიზაციები, რიგი პოლიტიკური პარტიები და „ნაციონალური მოძრაობის" სატელიტები აკეთებენ, არასახელმწიფოებრივია", - ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ „რეპორტიორთან" საუბარში განაცხადა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმეზე ისაუბრა. მჟავანაძის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება იმაში, რაც არ დამტკიცებულა, უზნეობაა.

 

„დაადანაშაულო შენი ქვეყნის ხელისუფლება იმაში, რაც არ ჩადენილა, არ გაკეთებულა, არ დადასტურებულა, უზნეობაა. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, პიროვნების გადასვლა მწვანე ზოლიდან მოხდა. საქართველოს ტერიტორიის საზღვარი ძალიან დიდია, ხოლო გამშვები პუნქტი - რამდენიმე. სადაც გამშვები პუნქტი არ არის, იქ არც მესაზღვრეები დგანან და არც საგუშაგოებია. არის უბრალოდ შემოსაზღვრული და სწორედ ამას ნიშნავს მწვანე ზოლი. ასეთი საზღვრის დაცვა ამერიკის შეერთებულ შტატებსაც კი უჭირს, ვინაიდან ათასობით ადამიანი გადადის აშშ-ში მექსიკა-ამერიკის საზღვრიდან და ვერაფერი რომ ვერ მოუხერხეს, მილიარდობით თანხის გამოყოფაზეა საუბარი, რომ კედელი აშენდეს. ამიტომ, რატომ არის გამორიცხული ის ვერსია, რასაც აზერბაიჯანული მხარე გვთავაზობს?

 

ასევე, არის საუბარი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაიტაცა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი... რომელი ჭკუათმყოფელი გააკეთებდა იმას, რომ ჩვენს ხელისუფლებას მოეტაცებინა ადამიანი და წაეყვანა? მისთვის უცხო იქნებოდა, რომ აჟიოტაჟი ატყდებოდა? რა ვქნათ, ომი გამოვუცხადოთ აზერბაიჯანს, არ ვენდობით თქვენს დასკვნას, თქვენ მოიტაცეთ და გადმოგვეცით უკანო? სრულიად უპასუხისმგებლო, არასახელმწიფოებრივი და დაუსაბუთებელი განცხადებები ისმის. ყველაფერი უნდა იქნას გამოძიებული, დაიდოს დასკვნები. მაგრამ, ერთი ფაქტია, რომ აფგან მუხთარლთან დაკავშირებით აზერბაიჯანის მედიაში იწერებოდა სტატიები, რომ ეს ადამიანი ხშირად აწვდიდა თანხებს საზღვრიდან.

 

ასევე, არის საუბარი, რომ დევნიდნენ და შევიწროებას განიცდიდა. ორ წელზე მეტია საქართველოშია და არანაირი განცხადება პოლიციაში არ შესულა იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცა უთვალთვალებდა ან დევნიდა. თუ მოიტაცეს, თვითმხილველები ხომ მაინც უნდა არსებობდნენ, ვინმე რომ ასაბუთებდეს ამას? სათუთი თემაა, ორი სახელმწიფოს ურთიერთობას ეხება და ცოტა ფრთხილი განცხადებები უნდა ისმოდეს. ვის რა გვჯერა, გვწამს და როგორ გვინდა, დავიჯეროთ, სხვაა, მაგრამ ფაქტი ერთია - რაც არის მოცემულობა, ის უნდა იქნას გაზიარებული და სხვა გარემოებების გამოკვლევაც უნდა მოხდეს", - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.


 

big_banner
არქივი