logo_geo
აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
- +

3 ივნისი. 2017. 11:56



ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ეხმაურება.


დონალდ ტრამპი ხაზს უსვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შედეგებს და აღნიშნავს, რომ ამერიკის ადმინისტრაცია იმედის თვალით შეჰყურებს ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. დონალდ ტრამპი ასევე მიიჩნევს, რომ საქართველო ჩამოყალიბდა დემოკრატიის ლიდერად, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

 

ძვირფასო პრემიერ-მინისტრო,

ჩემთვის დიდი პატივია, რომ შესაძლებლობა მაქვს, მოგილოცოთ თქვენ და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მტკიცე და აქტიური პარტნიორობა აკავშირებთ, რაზეც ვაშინგტონში თქვენი ვიზიტისას ჩვენ ვისაუბრეთ კიდეც, და ეს პარტნიორობა, ჩემი ღრმა რწმენით, მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება.

 

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველო ჩამოყალიბდა დემოკრატიის ლიდერად, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების საქმეში. ამერიკის შეერთებული შტატები მადლობას გიხდით ავღანეთში გაღებული წვლილისათვის, რომელსაც, სამწუხაროდ, მსხვერპლიც მოჰყოლია. ჩვენ ვაფასებთ, რომ ავღანეთში, ნატოს უმნიშვნელოვანესი მისიის ფარგლებში, ქართველი მებრძოლები ამერიკისა და საერთაშორისო სამხედრო ძალებთან ერთად მსახურობენ. ასევე ვაფასებთ თქვენს პარტნიორობას ერაყსა და სირიაში ისლამური სახელმწიფოს მძიმე სენის აღმოსაფხვრელად შექმნილი კოალიციის ფარგლებში.

 

რეგიონში, რომელიც დაუცველობის პრობლემისა და გარე ძალების მხრიდან წნეხის წინაშე დგას, საქართველო შეუპოვრად და მიზანმიმართულად ადგას საკუთარი მომავლის თავად განსაზღვრის გზას. ჩვენ მომავალშიც მხარს დავუჭერთ თქვენს არჩევანს, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობა და დემოკრატია მთელი მსოფლიოსთვის სამაგალითოა. ამერიკის შეერთებული შტატები უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

 

მე და ჩემი ადმინისტრაცია იმედით შევყურებთ ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას, რომლის მიზანია ჩვენს ქვეყნებში მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა", - ნათქვამია დონალდ ტრამპის მილოცვის წერილში.




 

big_banner
არქივი