ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის პროცესში, ცესკო-ში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის წარმომადგენელიც და პარლამენტის მიერ არჩეული წევრებიც მიიღებენ მონაწილეობას, რასაც დღეს მოქმედი კანონი არ უშვებს.
ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესი „საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტით იცვლება, რომელიც „ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ არის ინიცირებული.
მოქმედი „საარჩევნო კოდექსის" გათვალისწინებით, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას ცესკო-ში მხოლოდ პარტიების მიერ დანიშნული წევრები იღებენ, თუმცა ამ პროცესში საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრი არ იღებს მონაწილეობას. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუკი თავმჯდომარეს ცესკო ვერ აირჩევს, პროცესი პარლამენტში გადადის.
საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებით, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას ცესკო სრული შემადგენლობის ორი მესამედით მიიღებს ან მისი არჩევა პარლამენტში მოხდება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებით, ცესკო-ში წევრების დანიშვნა პარტიის საბიუჯეტო დაფინანსების ნაცვლად, პარტიის მიერ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობასთან იქნება დაკავშირებული.
კანონპროექტის ინიციატორები არის პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გიორგი ვოლსკი, ვანო ზარდიაშვილი, ნინო გოგუაძე, ანრი ოხანაშვილი, ივლიანე წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, გიორგი ხატიძე, გია ბენაშვილი, დიმიტრი სამხარაძე, გედევან ფოფხაძე, დავით მათიკაშვილი, ოთარ ჩრდილელი, გიორგი კახიანი.